ფინელების 80% მხარს უჭერს უკრაინისთვის უფრო მძიმე შეიარაღების მიწოდებას - კვლევა
Kantar Public-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარს უკრაინას უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას Yle (ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ავრცელებს.
გამოკითხულთა 84% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანაა და მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ თეზისს. გამოკითხულთა თითქმის 80%-მა თქვა, რომ ომის დასრულების დასაჩქარებლად უკრაინას უფრო მძიმე შეიარაღება უნდა მიაწოდონ.
გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტს მიაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში სწრაფად უნდა გაწევრიანდეს.
გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ უკრაინაში მათი ქვეყნის აგრესიულ ომზე გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის რიგით მოქალაქეებს ეკისრებათ.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ფინეთი ვერ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სანამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში რჩება. მხოლოდ 6% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
10 რესპონდენტიდან თითქმის ოთხმა თქვა, რომ შეშფოთებულია უკრაინის ომის შესაძლო გავრცელებით ფინეთში, ხოლო 10-დან ორმა თქვა, რომ საერთოდ არ აწუხებს ასეთი პერსპექტივა. ამავე დროს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა გამოთქვა შეშფოთება ბირთვული ომის პერსპექტივაზე.