ფინეთი რუსეთთან საზღვარს არ გახსნის - Iltalehti
ფინეთი რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გამშვებ პუნქტებს არ გახსნის. ამის შესახებ ფინური გაზეთი Iltalehti ხელისუფლების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"დღევანდელ ვითარებაში ძნელია საზღვრის გახსნის მოლოდინი," - განაცხადა სამთავრობო წყარომ.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ორშაბათს STT-ს ეთერში განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შეიცვალა.
სამშაბათს, ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ოთხი ადამიანი არალეგალურად ჩავიდა ფინეთში აღმოსავლეთ საზღვრის გავლით. ისინი ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო მიიჩნევს, რომ რუსეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს.
ფინეთმა 30 ნოემბერს რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი დახურა, რადგან რუსეთის ფედერაციამ ფინეთის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა ჩასვლის ხელშეწყობა დაიწყო.
14 დეკემბერს ფინეთის მთავრობამ აღმოსავლეთ საზღვარზე ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, პირველივე დღეს რუსეთიდან 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ აღმოსავლეთის საზღვარი კიდევ ერთი თვით ჩაკეტა.