ფინეთი რუსეთთან საზღვართან ნატოს 5000-მდე სამხედროს განათავსებს
ფინეთის ხელისუფლებამ გარე საფრთხეების შესაკავებლად ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს შენაერთის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. 4000-5000 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი ახალი ფორმირება უკვე იქმნება და ქალაქ მიკელიში დისლოცირდება, რომელიც რუსეთთან საზღვართან მდებარეობს.
ამის შესახებ ფინური გამოცემა Iltalehti 22 აგვისტოს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"ფინეთის თავდაცვის ძალები და ხელისუფლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფინეთს სჭირდება ნატოს ქვეყნებიდან ჯარისკაცების მის ტერიტორიაზე ყოფნა პრევენციული შეკავების გასაძლიერებლად," - წერს გამოცემა.
ბრიგადას, რომელიც ჯავშანტექნიკით იქნება აღჭურვილი, შვედი და ნორვეგიელი სამხედროები შეუერთდებიან. მოსალოდნელია, რომ ნატოს ახალი ფორმირების ქვეყანაში განთავსების შესახებ ალიანსის წარმომადგენლები და ფინეთის ხელისუფლება უახლოეს კვირებში გამოაცხადებენ.
"გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია," - წერს Iltalehti წყაროებზე დაყრდნობით.
ნატოს შტაბ-ბინა იქმნება მიკელიში, რომელიც ექვემდებარება ალიანსის შტაბს ნორფოლკში, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. შტაბის შესაქმნელად მზადება გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. მაშინ მიკელის ნატოს ერთობლივი ოპერაციების ნორფოლკის შტაბის მეთაურის მოადგილე, ბრიტანელი კონტრადმირალი ტიმ ჰენრი ესტუმრა.
"ჩვენ გვინდა პირდაპირი სიგნალი გავუგზავნოთ რუსებს - და ეს საჯაროდ გავაკეთოთ. ალიანსი ძალიან მკაფიოა თავის პოზიციაში: რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ რეგიონს," - აღნიშნა ჰენრიმ ვიზიტის დროს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ფინეთი 2023 წელს ნატოს შეუერთდა და დაასრულა მისი 75-წლიანი ნეიტრალიტეტის პერიოდი. შედეგად, ალიანსის საერთო საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა და 2600 კილომეტრს მიაღწია.