ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომავალი წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან თავდასხმის პოტენციური საფრთხე არსებობს და ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა ამის თავიდან ასაცილებლად გაერთიანდნენ.
ამის შესახებ EUobserver წერს.
ორპოს თქმით, რუსეთი "აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და მუდმივ და ეგზისტენციალურ სამხედრო საფრთხეს უქმნის ევროპას."
"წარმოიდგინეთ, რა მოხდება შემდეგ, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს (უკრაინაში. - რედ.)," - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელ დეპუტატებს.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდულია და ყოველი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად "დაბალი ფასია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც რუსეთის გამარჯვებაა."
ორპომ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის "უძლეველი," ევროპისთვის "თვითკმაყოფილება აღარ არის ვარიანტი" და მან უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითო შესაძლებლობები და საზღვრების უსაფრთხოება.
"ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ეს გამოწვევა, თუ გავაერთიანებთ ჩვენს რესურსებს. ჩვენ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობები, ახლა უნდა გამოვავლინოთ პოლიტიკური ნება," - თქვა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნატოს რამდენიმე ქვეყანამ უახლოეს მომავალში რუსეთის აგრესიის რისკის შესახებ ისაუბრა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ამავდროულად, აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთს არ სურს ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება და მხოლოდ "ასიმეტრიული ზომებით" შემოიფარგლება.