ფხენიანის შეკავება - აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ს, სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერები ფხენიანისგან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სამი ქვეყნის მეთაურმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო დროს ბალისტიკური რაკეტების გამოცდების გახშირების გამო შეშფოთება გამოთქვა.
მხარეები ფხენიანის "გაძლიერებულ შეკავებაზე" იმუშავებენ, რაც უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებას მოიცავს.
ჯო ბაიდენი, ფუმიო კიშიდა და იუნ სოკ იოლი ერთმანეთს ნატოს მადრიდის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
იაპონიის და სამხრეთ კორეის ლიდერები ალიანსის შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით პირველად ესწრებიან.
ბოლო წლებში ტოკიოს და სეულს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ, თუმცა სამხრეთ კორეის ახალდარჩეული პრეზიდენტი იაპონიას ჩრდილოელი მეზობლის - და ჩინეთის - წინააღმდეგ მოკავშირედ ხედავს.