პასუხი ფხენიანს - აშშ-მ და სამხრეთ კორეამ რვა რაკეტა გაუშვეს
აშშ-მ და სამხრეთ კორეამ რვა ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტა გაუშვეს, მას შემდეგ, რაც 5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.
„ეს იმის დასტურია, რომ წერტილოვანი დარტყმების განხორციელებისთვის მზაობა და უნარი გაგვაჩნია“, განაცხადეს სამხრეთ კორეის არმიაში.
აშშ-ს წყნარი და ინდოეთის ოკეანის სარდლობის განცხადებით, სულ ერთი ამერიკული და შვიდი კორეული რაკეტა გაისროლეს.
სამხრეთ კორეის ახლადარჩეული პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი წინამორბედისგან განსხვავებით „ქორული“ ხედვებით გამოირჩევა და ჩრდილოელი მეზობლის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.
მაისში სეულს აშშ-ს პრეზიდენტი ეწვია, რასაც ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება მოჰყვა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად სწავლებაში აშშ-ს ავიამზიდი მონაწილეობდა.
სამხრეთ კორეის მსგავსად, აშშ-სთან ერთობლივი წვრთნები გამართა იაპონიამაც.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის და მზარდი პანდემიის ფონზე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სულ უფრო ხშირად მიმართავს სამხედრო ესკალაციას.
გასულ თვეში ფხენიანმა არსენალში მყოფი ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი რაკეტა Hwasong-17 გამოსცადა.
რაკეტის გამოცდის შემდეგ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ვაშინგტონის მცდელობა რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს.