1989 წელი იყო და ზუსტად იმ დროს, როცა ფუკუიამა ლიბერალური დემოკრატიის მარადიულობაზე და სამყაროს Happy End-ებზე წერდა, მოსკოვის წითელ მოედანზე მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მღეროდა ოზი ოსბორნი, მალე კი Scorpions-ის ცვლილებების ქარმაც დაბერა. ყველა ამბავს, ყველა ისტორიასა და მით უმეტეს მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანეს ამბებს აქვთ მელოდია, რომელიც 10 ხაზზე, ბანისა და ვიოლინოს, ან ტენორისა და ალტის გასაღებებში იწერება. და ეს მელოდიები იმდენად ძლიერია, რომ ზოგ შემთვევაში სწორედ ნოტებშია ისტორიის განვითარების საჭე.
და ასეა დღესაც, 21-ე საუკუნის ჩქაროსნულ სამყაროში. სადაც მელოდიები იმაზე სწრაფად ვრცელდება ვიდრე ოდესმე, და ამ მელოდიებს დიდი რესურსი აქვთ გარდაიქმნან ძლიერ იარაღად... ან უფრო სწორად - ჰიბრიდულ იარაღად მრავალპოლარული მსოფლიო წესიგის პირობებში.
ზუსტად ეს გამოუვიდა სამხრეთ კორეას დიდი წარმატებით და ეს ამბავი ნამდვილად არ მომხდარა შემთხვევით. არც ის არის შემთხვევითი, პლანეტაზე ყოველი სამი მოზარდიდან ერთ-ერთმა მაინც რომ იცის კორეული პოპვარსვლავების სახელები, ან საერთოდაც გატაცებულია მათი ბრჭყვიალა პერფორმანსებით... კორეული პოპის უპრეცედენტო აღზევება განსაკუთრებით თვალსაჩინო პანდემიის შემდეგ გახდა, თუმცა ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო და აი როგორ:
1997 წელს სეულმა რეგიონში თანადგომა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და გადაწყვიტა ყველაფერი ეღონა თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების გასაუმჯობესებლად და რაც არ უნდა ეკლექტურ იდეად ჩანდეს, უდიდესი ინვესტიცია ჩადო შოუ ბიზნესის განვითარებაში, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტად უნდა გადაქცეულიყო. 90-იანების ბოლოს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ეკონომიკურ-კულტურული სინერგიით შთაგონებულმა, პრეზიდენტმა კიმ დე ჯუნმა უზარმაზარი სახელმწიფო რესურსები დახარჯა კულტურულ ინდუსტრიებში - საჯარო-კერძო ფონდებიდან დაწყებული კრეატიული ნიჭიერების კონკურსებით დამთავრებული, როგორიცაა მაგალითად Superstar K. ნაბიჯ-ნაბიჯ სამხრეთ კორეამ ააშენა მთელი რბილი ძალის ეკონომიკა და ასე დაიწყო „ჰალიუ“, ანუ კორეული ტალღა და სწორედ ეს იყო კორეული კულტურული ინდუსტრიის ინსტიტუციონალიზაციის საწყისი წერტილი. დღეს სამხრეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული გავლენის მქონე ქვეყანაა.
კორეის მიერ წარმოებულმა გლობალურად აღიარებულმა კონტენტმა, მაგალითად K pop-მა, K drama-მ, ფილმებმა და სატელევიზიო სერიალებმა არამხოლოდ კომერციულ წარმატებას მიაღწიეს, არამედ ითამაშეს გადამწყვეტი როლი სამხრეთ კორეის შესახებ საერთაშორისო აღქმის ჩამოყალიბებაში.
2022 წელს Guardian-ში გამოქვეყნებულ ტიმ ადამსის სტატიაში სახელმწოდებით „K-ყველაფერი: კორეული კულტურის აღზევება“ აღწერილია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ კორეა გამოვიდა კოლონიალური ტრავმისა და ეკონომიკური გაჭირვების ჩრდილიდან და გახდა ზესახელმწიფო კულტურული გავლენის თვალსაზრისით. ტიმ ადამსის სიღრმისეული კვლევა ცხადყოფს, რომ ტრადიციული ფასეულობებისა და ჰიპერთანამედროვე მედია ტექნოლოგიების რთულად შემუშავებული შერწყმის წყალობით, კორეამ არამხოლოდ გართობის ინდუსტრიის ექსპორტი მოახდინა, არამედ 21-ე საუკუნეში რბილი ძალის კონტურებიც ხელახლა განსაზღვრა.
კორეული ტალღა „ჰალიუ“, რომელიც საბოლოოდ უდიდეს ჰიბრიდულ იარაღად იქცა სეულის გულში, SM Entertainment-ის შტაბ-ბინაში დაიბადა - ეს კომპანია იყო ერთ-ერთი პიონერი K pop ინდუსტრიის აფეთქებაში. აქ, ამ კომპანიაში სამხედრო სიზუსტით შემუშავებული პოპ ინდუსტრია ჰქმნიდა კერპებს, რომლებიც გარდა შოუბიზნესის ვარსკვლავობისა, უნდა ყოფილიყვნენ სამხრეთ კორეის ელჩები დანარჩენ მსოფლიოში. ეს არტისტები გაწვრთნილნი არიან არა მხოლოდ მუსიკასა და ცეკვაში, არამედ უცხო ენებში, მედიასთან ურთიერთობასა და ეტიკეტში.
ეს ინსტიტუცია ასახავს სამხრეთ კორეის რბილი ძალის უნიკალურ მოდელს. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთისგან განსხვავებით, რომელთა კულტურული ექსპორტიც ხშირად იმპერიულ დომინირებას მოჰყვება ხოლმე, კორეამ შეცვალა სტრატეგია. მან ჯერ კულტურის ექსპორტი მოახდინა, შემდეგ კი უკვე ამ მუხტის საშუალებით საერთაშორისო ბაზრები გახსნა კორეული გიგანტებისთვის, როგორიცაა Samsung, Hyundai და LG. ამრიგად, კულტურული კაპიტალი გახდა ბერკეტი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც გახვეულია პოპ-ვარსკვლავობის ესთეტიკაში.
K-pop არ შემოიფარგლება მუსიკით - ეს არის ეკოსისტემა. ამ სფეროში არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ ფორმატებში. სამხრეთ კორეული შოუ-ბიზნესი პიონერია მაგალითად „მეტავერსში“, სადაც „აიდოლებს“, ანუ კერპებს ჰყავთ ავატარი ანალოგები და მათი ვირტუალური კონცერტების ტრანსლაცია ათობით მილიონ ადამიანს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ეს სისტემა ყიდის იდეალიზებულ სიკეთეს, შრომისმოყვარეობას და - ნარატივს, რომელიც ეხმიანება აზრს იმ თაობებისა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან დასავლური „კულტურათა ქაოსით“.
რეალურად, „ჰალიუს“, ანუ კორეული ტალღის აღზევებამ ძირფესვიანად შეცვალა სამხრეთ კორეის პოზიცია გლობალურ ასპარეზზე - არა მხოლოდ როგორც კულტურის ექსპორტიორის, არამედ როგორც სტრატეგიული აქტორის საერთაშორისო პოლიტიკაში. K-pop-ის, Netflix-ის დრამებისა და მიშლენის ვარსკვლავიანი კორეული სამზარეულოს გლამურულ ზედაპირს მიღმა დგას საგულდაგულოდ კულტივირებული სტრატეგია, რომელმაც სეულს ახალი ბერკეტები მისცა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებშიც კი. მას შემდეგ, რაც კულტურა ხდება გავლენის ვალუტა, „ჰალიუ“ ცვლის სამხრეთ კორეის გეოპოლიტიკურ რეალობას, აძლიერებს ალიანსებს, ამცირებს ისტორიულ დაძაბულობას და საერთაშორისო აღქმებში ქმნის ქვეყანას, როგორც საშუალო ძალას გლობალური მასშტაბით.
სეულმა წარმატებით მოახდინა თავისი ეროვნული იმიჯის გარდასახვა - ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებით დაჩრდილული კონფლიქტისკენ მიდრეკილი ნახევარკუნძულიდან დინამიურ, კრეატიულ, წინდახედულ საზოგადოებამდე. ამ კულტურულმა საყრდენმა კორეას საშუალება მისცა შეეცვალა ნარატივები და უფრო თამამად ჩართულიყო საერთაშორისო საზოგადოებაში. მეცნიერ ჯოზეფ ნაიმის თეორიის მიხედვით, მიზიდულობის ძალის აკუმულირება ხშირად შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე იძულება საგარეო პოლიტიკის მიზნების უზრუნველსაყოფად. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალსახად მიიღო ეს ლოგიკა, როცა გადწყვიტა „ჰალიუს“ ინტეგრირება დიპლომატიურ ინსტრუმენტებში.
მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს მომხდარი სისასტიკეების გამო გრძელდება ისტორიული დაძაბულობა იაპონიასთან, „ჰალიუმ“ ამ მხრივ შეასრულა დახვეწილი შემრიგებლური როლი K-drama-ისა და K-pop-ის ახალგაზრდა იაპონელ მაყურებელში აღფრთოვანების გამოწვევით. მიუხედავად სამხრეთ კორეის მთავრობის საჯარო პროტესტისა იაპონური პოლიტიკის მიმართ, კორეული კულტურული პროდუქტები მაინც დომინირებს იაპონურ პოპ- ჩარტებში, რაც აუმჯობესებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს.
კორეის კულტურულ ექსპანსიაში საფრთხე დაინახა ჩინეთმაც. 2016 წელს პეკინმა არაოფიციალურად აკრძალა კორეული კულტურული კონტენტი მისი პლატფორმებიდან. ეს ცენზურა ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ჩინეთი კორეის რბილი ძალის გავლენას. მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, კორეის კულტურაზე მოთხოვნა აგრძელებს ჩინეთში იატაკქვეშ აყვავებას.
ჰალიუმ ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხრეთ კორეის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან. კორეული პოპ-ჯგუფის, BTS-ის სოლისტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის, BLACKPINK-ი მონაწილეობს კლიმატის ადვოკატირებაში და კორეელი კინორეჟისორები იგებენ მსოფლიო კინოინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოებს - ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს კორეის, როგორც ღირებული კულტურის მქონე ქვეყნის და პოლიტიკური პარტნიორის აღქმას. 2023 წელს “Time“ წერდა მეფეჩარლზ მესამეს გამოსვლის შესახებ, სადაც ის ხაზს უსვამდა კორეულ დრამასა და პოპს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საფუძველს. დასავლეთი აღიარებს, რომ კორეის რბილი ძალა მისი შემოქმედებითი ინდუსტრიაა, რაც მისი საგარეო პოლიტიკური აპარატის განუყოფელი ნაწილი ხდება.
„ჰალიუმ“ განავითარა სტრატეგიული კულტურული ალიანსები. კორეამ ხელი მოაწერა ბევრ კულტურულ თანამშრომლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან. ეს ინიციატივები არის სეულის ახალი სამხრეთის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ის ცდილობს დიპლომატიური პორტფელის დივერსიფიკაციას ტრადიციულ დასავლურ ალიანსებს მიღმა. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდონეზია, ფილიპინები და ვიეტნამი, კორეული პოპ კულტურის პოპულარობამ სტიმულირება მოახდინა ორმხრივი ვაჭრობის, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების და ტურისტული მიმოსვლისა.
“ჰალიიუ” არამხოლოდ ამაღლებს სამხრეთ კორეის იმიჯს მსოფლიოში, არამედ ქმნის კულტურულ კაპიტალს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრზე და სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ტენდენციებზე. კორეული კულტურა ხშირად თან ერთვის ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროდუქციის ექსპორტს, რაც ზრდის კორეული ბრენდების მიმართ ნდობას და ქმნის ნიადაგს სავაჭრო თუ სტრატეგიული შეთანხმებებისთვის. ამრიგად, ჰალიიუ არის კულტურული დიპლომატიის ბერკეტი, რომელიც არამარტო ამყარებს კორეის ეროვნულ იმიჯს, არამედ რეალურ გეოპოლიტიკურ უპირატესობას ქმნის – როგორც აზიაში, ასევე დასავლურ სამყაროში.
XXI საუკუნეში კულტურა და მუსიკა არ არის მხოლოდ ეროვნული იდენტობის გამოხატვის ან გართობის საშუალება - მათ შეუძლიათ შეცვალონ აღქმები, ჩამოაყალიბონ ნარატივები, გააღრმავონ ალიანსები და დააზიანონ მოწინააღმდეგის გავლენის არეალები.ეს არ არის არც მხოლოდ რბილი ძალა. კულტურა და მუსიკა რბილი და მტკიცე ძალის ჰიბრიდულ ზღვარზე მდგომი კომპლექსური ინსტრუმენტებია, რომელთა ანალიზიც აუცილებელია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სრულყოფილად აღსაქმელად.