ტრამპმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობაზე ისაუბრეს
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, იუნ სუკ იოლთან ტელეფონით ისაუბრა. მათ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართულობაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის პირველმა მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კიმ ტო-ჰიომ განაცხადა.
საუბრისას იოლმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში "დამაჯერებელი გამარჯვება" მიულოცა. მათ განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირის თქმით, იოლმა და ტრამპმა "ჩრდილოეთ კორეაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება და რუსეთში ჯარების გაგზავნა."
გარდა ამისა, მხარეებმა "შეშფოთება გამოთქვეს უსაფრთხოების საკითხებზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე."
საუბრისას ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ითანამშრომლოს სამხრეთ კორეასთან გემთმშენებლობის ინდუსტრიაში, კერძოდ, ექსპორტში, შეკეთებასა და მოვლაში.
სამხრეთ კორეის ლიდერის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ისინი უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
"ისინი იზიარებენ მოსაზრებას, რომ მათ ეს საკითხები პირადად უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდებიან, როცა თარიღისა და ადგილზე შეთანხმდებიან," - თქვა იოლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ.
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სამმა მთავარმა მოკავშირემ სამშაბათს განაცხადეს, რომ ისინი სერიოზულად არიან შეშფოთებულნი რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნით და მუშაობენ სიტუაციაზე ერთობლივ რეაგირებაზე.
იმავდროულად, ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს რუსულ ძალებთან თავსებადობისა და აღჭურვილობის გამოყენების პრობლემები ექნებათ.