ფრონტის ხაზი: 13 ივნისის 6 მთავარი ამბავი უკრაინიდან
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების თანახმად, რუსეთს რამდენიმე დღეში შეუძლია, სევეროდონეცკს ალყა შემოარტყან და გეგმავენ, ქალაქი „მთლიანად მოწყვიტონ“.
უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:
- ბრძოლა ლუჰანსკისთვის: აღმოსავლეთ უკრაინაში ლუჰანსკის რეგიონი კონფლიქტის ეპიცენტრშია. ტერიტორიის დიდ ნაწილს უკვე რუსები აკონტროლებენ. ყურადღების ცენტრშია ბრძოლა მომიჯნავე ქალაქებისთვის, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის. რუსულმა ძალებმა ქალაქებს შორის სამი ხიდიდან ორი უკვე გაანადგურეს და მესამეს მძიმედ ბომბავენ. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის, სერჰიი ჰაიდაის თანახმად, რუსების მიზანია სევეროდონცეკის „მთლიანი მოწყვეტა“.
- გრძელი ფრონტის ხაზი: უკრაინის შეიარაღებული ძალების განმკარგულებლის თქმით, ფრონტის ხაზი 2 450 კმ-ზეა გადაჭიმული და რუსების ძალები ლუჰანსკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში არიან კონცენტრირებულნი. ამასობაში, ვალერიი ზალუჟნის თანახმად, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულმა ძალებმა „გააგრძელეს ხარკოვის საცხოვრებელი ნაწილების დაბომბვა, რაც ჩვენი მხრიდან ადეკვატურ მოქმედებას საჭიროებს“.
- მარცვლეულის კრიზისი: აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადას პუტინი იარაღად იყენებს. მსოფლიო მასშტაბით საკვების მიწოდებასა და ფასებზე გამანადგურებელი გავლენით, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა შესაძლოა 49 მილიონამდე ადამიანის შიმშილობა გამოიწვიოს ან შიმშილის მსგავს მდგომარეობამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რომ ბლოკადას გვერდი აუარონ. კვირას უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა Reuters-სთან თქვა, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები გამოძებნა.
- უკრაინაში ბრიტანელი მოკლეს: ბრიტანული არმიის ყოფილ ჯარისკაცს, ჯორდან გატლის სევეროდონეცკში ბრძოლისას ესროლეს და მოკლეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN-ს უთხრა, რომ მის ოჯახს ეხმარებიან. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გეტლის „ნამდვილი გმირი“ უწოდა.
- რუსული რაკეტები: ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინას 2 606 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. ზელენსკიმ „წმინდა წყლის ტერორი“ უწოდა დასავლეთ უკრაინის რეგიონში, ტერნოპილში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. კვირას რუსებმა ცენტრალურ უკრაინაში ორ ადგილას გახსნეს ცეცხლი: კრივოი როგსა და სინელნიკივსკიში, დნიპროპეტროვსკის რეგიონში. ამის შესახებ ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
- უკრაინული წინააღმდეგობა: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში რამდენიმე ადგილას მოიგერიეს რუსების შეტევები. მათ შორისაა თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ სლავიანსკზე და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის მიმდებარე სოფლებზე.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.