რუსული ძალები საკვანძო ქალაქ სევეროდონეცკს უტევენ ლუჰანსკის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ადგილობრივი ჯარის მეთაური, სერჰიი ჰაიდაი ამბობს, რომ რუსებს ფართო მასშტაბიანი თავდასხმისთვის საკმარისი რეზერვი აქვთ.
უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:
შესაძლო თავდასხმა საკვანძო ქალაქზე: ჰაიდაის თქმით, რუსული მძიმე შეიარაღების ათეულობით ნაწილი რეგიონში ჩაიტანეს და ბრძოლის ველზეც განათავსეს. როგორც ჰაიდაი ამბობს, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა "ქალაქს უმეტესად რუსები აკონტროლებენ". უკრაინელების ხელში ახლა მხოლოდ ინდუსტრიული ზონა და აზოტის ქარხანაა.
ჟენევის კონვენცია დატყვევებულ ამერიკელებზე "არ ვრცელდება": ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟენევის კონვენცია ომის ტყვეების დაცვის შესახებ არ ვრცელდება ორ ამერიკელზე, რომელიც უკრაინაში დაატყვევეს. პესკობი მათ ბრალს სდებს "უკანონო ქმედებებში". მას არ დაუზუსტებია, ტყვეები რუსებს ჰყავთ თუ მათ მარიონეტ სეპარატისტებს.
ბაიდენის ვიზიტი მოსალოდნელი არაა: აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ გეგმავს უკრაიაში ჩასვლას ამ კვირის ბოლოს, როცა დიდი შვიდეულისა და ნატო-ს სამიტებზე დასასწრებად გერმანიასა და ესპანეთს უნდა ეწვიოს. ბაიდენი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არ ყოფილა, ამბობს, რომ არ სურს "უკრაინელებს დამატებითი სირთულეები შეუქმნას".
"მძევლად აყვანილი" აფრიკა: აფრიკული კავშირის კომისიის წინაშე ვიდეო-მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად აფრიკა "მძევლადაა აყვანილი". მისი თქმით, საკვების მსოფლიო კრიზისი იმდენ ხანს გასტანს, რამდენ ხანსაც "ეს კოლონიზატორული ომი გაგრძელდება", რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონ უკრაინულ საკვებზე დამოკიდებულ ადამიანზე.
ნობელის რუსი ლაურეატის აუქციონი: დმიტრი მურატოვმა, 2021 წლის ნობელის მშვიდობის ლაურეატმა, მისი ჯილდო აუქციონზე 103.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. შემოსულ თანხას მთლიანად ურიცხავს უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს. მურატოვი დამოუკიდებელი რუსული სააგენტოს, ნოვაია გაზეტას მთავარი რედაქტორია.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.