ფრონტის ხაზი: 3 ივნისის 5 მთავარი ამბავი უკრაინიდან
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ომის 100 დღის შემდეგ, რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებენ.
უკრაინის ჯარის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების რამდენიმე ნაწილში, სადაც რუსული ძალები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ წინსვლას და მეტი ტერიტორიის დაკავებას.
უკანასკნელი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:
- ბრძოლა აღმოსავლეთით: ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ლუჰანსკის რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო რუსების იერიშს უმკლავდებიან. „გვაქვს გარკვეული წარმატება სევეროდონეცკის ბრძოლებში, თუმცა ჯერ მაინც ძალიან ადრეა“, - ამბობს ზელენსკი. ხუთშაბათის ცნობებით, ქალაქში, რომელსაც ძირითადად რუსები აკონტროლებენ, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
- ასობით დამალული: დაახლოებით 800 ადამიანი, ბავშვების ჩათვლით, სევეროდონეცკის ქიმიური ქარხნის რამდენიმე თავშესაფარში იმალება, რომლებიც, ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, რუსებს მიზანში ჰყავთ ამოღებული. მისი თქმით, ვინც იმალება, ადგილობრივები არიან, რომლებმაც ქალაქის დატოვების ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.
- უკრაინელების წინსვლა სამხრეთში: უკრაინული ძალების თანახმად, ოკუპირებული ხერსონის რეგიონში რუსულ პოზიციებზე თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთის, აზოვ დნიპროს ცნობით, მათ ოკუპირებული ტერიტორიის 8 კილომეტრი გაათავისუფლეს.
- ამერიკული კიბერ-ოპერაცია: Cyber Command-მა, აშშ სამხედრო ჰაკერულმა უწყების, უკრაინის დასახმარებლად კიბერ ოპერაციები ჩაატარა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი იუწყება.
- NATO-ს შეფი ბაიდენს შეხვდა: NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხუთშაბათს „დიდებული შეხვედრა“ ჰქონდა აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან. „პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები NATO და უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ იღებს მეტს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.