FT: პოკროვსკის ირგვლივ უკრაინული არმიის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება
რუსეთის საოკუპაციო არმია სწრაფად უახლოვდება ქალაქ პოკროვსკს, ახალი უფრო მობილური ტაქტიკის ფონზე კი რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფი უკრაინული არმიის მდგომარეობა ფრონტის ამ მონაკვეთზე სწრაფად უარესდება.
ამის შესახებ Financial Times-ის მიერ ფრონტის ხაზიდან მომზადებულ რეპორტაჟშია საუბარი.
გამოცემის შეფასებით, რუსული დანაყოფები ქალაქ მირნოგრადიდან 4 კილომეტრში, ხოლო პოკროვსკიდან 8 კილომეტრში არიან. მიზანი კი ორივე ქალაქის მიმდინარე წლის ბოლომდე დაკავებაა.
ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის წინსვლის ტემპი აგვისტოდან მოყოლებული იზრდება - კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული იერიშის ერთ-ერთი მიზანი იყო ეძულებინა რუსეთის ხელმძღვანელობა შენაერთები დონეცკიდან კურსკში გადაესროლა, თუმცა ეს არ მომხდარა.
"კურსკი კარგი იდეა იყო, მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ჩანს, მაგრამ ამის ფასს ჩვენ ვიხდით, ჩვენი მიწით"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი მეთაური.
ანალიტიკოსების შეფასებით პოკროვსკი აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებული უკრაინული დანაყოფების მომარაგების ცენტრალური კვანძია, რომლის დაკარგვაც გაართულებს ЗСУ-ს მდგომარეობას დონეცკის ოლქის სამხრეთში და ახალ საფრთხეს შეუქმნის ოლქის უმსვილეს ქალაქებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინელთა კონტროლქვეშაა - კრამატორსკს, კონსტანტივკას, დრუჟკივკას, სლოვიანსკს.
გამოცემასთან საუბარი უკრაინელი მეთაურები ამბობენ, რომ რუსეთის არმიის სტრატეგია პრინციპულად უცვლელია და ის კვლავ რესურსებისა და ცოცხალი ძალის უპირატესობაზე დგას. მათი ცნობით, ცოცხალი ძალის შეფარდება პოკროვსკის მონაკვეთზე 1:8-ზეა, ხოლო საარტილერიო ცეცხლის 1:10-ზე.
გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები მიუთითებენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა აღარ მიმართავს დიდი მექანიზებული კოლონების შტურმს, არამედ ფრონტის გასარღვევად მცირე მობილურ ჯგუფების ტაქტიკას იყენებს. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ამგვარი ტაქტიკის ფონზე, დრონების დანაყოფებისთვის სულ უფრო რთულია მათი განეიტრალება.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს რუსეთის საჰაერო უპირატესობაც - რუსული ავიაციის მართვად ავიაბომბებსა და სარაკეტო დარტყმებს უკრაინული არმია პრაქტიკულად ვერაფერს უპირისპირებს.
"ჩვენ არ გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან ჩვენ არცერთხელ არ გვქონია როტაცია. ჩვენ შესვენება გვჭირდება"- ამბობს გამოცემასთან საუბარში 72-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე.
პოკროვსკის ირგვლივ შექმნილ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს რუსული არმიის საჰაერო დარტყმები გზებსა და ლოჯისტიკურ კვანძებზე. პოკროვსკში ევაუკიაცია ადგილობრივმა ადმინისტრაციამ აგვისტოში გამოაცხადა - ამ დროისთვის ქალაქში 18 ათასი ადამიანი რჩება. გასულ კვირებში შეწყდა სარკინიგზო კომუნიკაცია, უახლოესი მოქმედი სარკინიგზო სადგური პოკროვსკიდან 100 კილომეტრში, ქალაქ პავლოგრადშია.
საოკუპაციო არმიის დარტყმის კიდევ ერთი მიმართულება დონეცკის სამხრეთში უკრაინელთა ერთ-ერთი ბოლო საყრდენი ქალაქი ვუჰლედარია. ქალაქის დაკავებას რუსეთის ომის მიმდინარეობისას რამდენიმეჯერ ეცადა, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებლად.
ვუჰლედარის ირგვლივ საოკუპაციო არმიის წინსვლა მიმდინარე წლის თებერვლიდან, ავდიივკაში შექმნილი კრიზისის პარალელურად დაიწყო, თუმცა ბოლო კვირებში ტემპი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღეებში უკრაინული წყაროები ვუჰლედარის ფლანგებზე რუსული არმიის სწრაფი წინსვლის შესახებ და ოპერატიული ალყის მაღალი რისკის შესახებ იუწყებიან.
Financial Times-სთან საუბარში შექმნილი ვითარების მიზეზად დასავლეთიდან სამხედრო დახმარების გაჭიანურებასაც ასახელებენ, თუმცა წარუმატებლობის მთავარ ფაქტორად ЗСУ-ს სარდლობის დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.
"სად არის საფორტიფიკაციო ნაგებობი, ჩვენ არ გვქონდა რეალური თავდაცვის ხაზები ავდიივკის კრიზისის დროს. ის კი რაც მას შემდეგ ნაჩქარევად ავაშენეთ არ არის ადეკვატური, ხშირად ღია მინდვრებში, საფარის გარეშე, დახურული ხედვით, ეს სისულელეა"- ამბობს ვუჰლედარში მოქმედი 72-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე.
გასულ კვირებში ЗСУ-ს ხელმძღვანელობამ პოკროვსკის მიმართულებით ახალი რეზერვები გადაისროლა, რასაც ფრონტის დროებით სტაბილიზაცია მოჰყვა, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა.
"რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა. პოკროვსკის ნაცვლად მათი იერიშები ამჟამად ფლანგებზეა მიმართული, არამხოლოდ პოკროვკის, არამედ ვუჰლედარისა და კურახოვეს ფლანგებზე"- ნათქვამია პუბლიკაციაში. ეს კიდევ უფრო აგრძელებს ფრონტის ხაზს და ართულებს რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი უკრაინული დანაყოფების მდგომარეობას.
"ვხედავთ როგორ იქმნება პატარ-პატარა ქვაბები, რის გამოც ჩვენი დანაყოფები იძულებულები არიან სწრაფად დატოვონ დასახლებები"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო.
უკრაინის 68-ე სამთო ბრიგადის მეთაური, ამბობს, რომ ბოლო კვირებში საომარი მოქმედებები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე, ხოლო დანაკარგები კი მკვეთრად გაიზარდა. ამ ბრიგადის დანაყოფები გასულ კვირებში პოკროვსკის შემოგარენში მდებარე დასახლება ნოვოჰროდივკაში იბრძოდნენ, რომლებსაც ამჟამად საოკუპაციო არმია აკონტროლებს.
ბრიგადის მეთაურის თქმით, რუსები ფრონტის ამ მონაკვეთზე ქიმიურ შეიარაღებასაც იყენებენ - საოკუპაციო არმიის მიერ ქლოროპირცინის გამოყენება მაისში დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.
68-ე ბრიგადის მეთაურის თქმით, რუსებს გაცილებით უფრო მეტი დანაკარგი აქვთ, მაგრამ ისინი სწრაფად ანაცვლებენ დანაყოფებს - "ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რამდენი ხანი შეძლებენ ასე გაგრძელებას."