FT: ტრამპის ტონი ზელენსკისა და პუტინის მიმართ, უკრაინელის სასარგებლოდ იცვლება
.jpg)
ჰააგაში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე დონალდ ტრამპის ტონი ზელენსკისა და პუტინის მიმართ უკრაინელი პრეზიდენტის სასარგებლოდ შეიცვალა.
State Of Play: ამის შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე დაყრდნობით Financial Times წერს - დონალდ ტრამპმა "ძალიან კარგ ბიჭად" მოიხსენია უკრაინელი პრეზიდენტი, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიმართ ომის გაჭიანურების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
- ტრამპმა დადებითად შეაფასა ზელენსკისთან გამართული შეხვედრა - "მე მინდოდა მცოდნოდა რა ხდება მის თავს. ის ძალიან კარგი ბიჭია, ის მძიმე ბრძოლაშია, ეს მძიმე ბრძოლაა."
- ამერიკელი პრეზიდენტი ამბობს, რომ რთულად წარმოუდგენია იმაზე კარგი შეხვედრა, რაც ზელენსკისთან ჰქონდა - "მე ვფიქრობ, რომ მას ომის დასრულება სურს და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო დროა ამისთვის. მე დაველაპარაკები პუტინს და ვნახავთ შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება."
- დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც - "ჩვენ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი და როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას."
Big Picture: საპირისპიროდ ტრამპის ტონი შესამჩნევად კონფრონტაციული იყო ვლადიმირ პუტინის მიმართ - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვითარება უკრაინაში უკონტროლო ხდება.
- "გასულ კვირებში იზრდება ტრამპის უკმაყოფილება პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების გამო"- ნათქვამია მასალაში.
- "ვლადიმირ პუტინმა ომი უნდა შეწყვიტოს, ადამიანები კვდებიან იმ რაოდენობით, რომელიც კარგა ხანია არავის უნახავს"- თქვა ტრამპმა - ამასთანავე მისი თქმით, პუტინმა მას ირანთან შუამავლობა შესთავაზა - "მე ვუთხარი არა, მოდი ჯერ რუსეთთან დაკავშირებით დამეხმარე."
Сontext: ამის მიუხედავად ტრამპმა უპასუხოდ დატოვა კითხვები უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ - წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი შეიარაღება უკვე მიმდინარე ზაფხულში ამოიწურება.
- ამერიკელმა პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ, რომლის შეძენაც უკრაინელებს სურთ - მისი თქმით, Patriot-ებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მათ შორის ამერიკაში და ისრაელში, მაგრამ "გადახედავს" რისი გაკეთება შეიძლება.