FT: ზელენსკის მიმართვის ოპტიმიზმი აღრმავებს განხეთქილებას სამხედროებთან

ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიური ვიდეო მიმართვები, რომლებშიც პრეზიდენტი ძირითადად უკრაინის არმიის წარმატებებზე საუბრობს აღრმავებს განხეთქილებას პრეზიდენტის ოფისსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. 

ინფორმაციას ამის შესახებ ЗСУ-ში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციის სტრატეგიაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, პრეზიდენტის მიმართვებით ყოველთვის ერგვაროვანია და მასში ძირითადად უკრაინის არმიის წარმატებებზე კეთდება აქცენტი. ამგვარად ზელენსკის გუნდი ცდილობს ოპტიმიზმის შენარჩუნებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ პარტნიორებში. 

წყაროების ცნობით, ამგვარი სტრატეგიაა დანერგილი ქვედა დონეზეც, სამინისტროებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების შემთხვევაში. მიდგომა მოიაზრებს ცუდი ამბების მიჩქმალვას, მათ შორის რუსეთის მიერ განხორციელებულ ზუსტ დარტყმებისა და უკრაინის მხრიდან მსხვერპლის შესახებ. 

"ჩვენ უფრო მეტი რეალობა უნდა შემოვიტანოთ და ამაში ისეთივე სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ როგორც 24 თებერვალს",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

ზელენსკის გუნდის მიერ არჩეული სტრატეგიით არსებული უკმაყოფილების ერთ-ერთი მაგალითად გამოცემა, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ასახელებს. ინტერვიუში კლიჩკომ ზელენსკი ავტორიტარიზმში დაადანაშაულა და ამ კუთხით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. 

სამხედროების ცნობით, ოფიციალურ განცხადებებსა და ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას შორის არსებული სხვაობა აღარ არის გამართლებული, რადგანაც ეს ვეღარ ასრულებს მოსახლეობისა და პარტნიორების მოტივატორის ფუნქციას. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირინა ზოლოტარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტრატეგია ომის საწყის ეტაპზე ეფექტური იყო, თუმცა დღეს ამგვარი მიდგომა ქმნის გადაჭარბებულ მოლოდინებს, რომელიც არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. ზოლოტარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება "ბალანსირებული რეალიზმის" პროეცირება უნდა დაიწყოს. 

"ეს საჭიროა რათა მოსახლეობამ არ ააგოს ოცნების კოშკები და მოიშოროს ვარდისფერი სათვალეები. საჭიროა არ გვეშინოდეს სიმართლის ლაპარაკის. ეს გამარჯვება რთულად მოვა, ეს დამქანცველი მარათონია",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ზოლოტარი. 

მიუხედევად ამისა, Financial Times-ის ცნობით, ზელენსკის ოფისში ოპტიმისტურ გზავნილებს კვლავ ერთადერთ სწორ სტრატეგიად განიხილავენ. 

"თუ ჩვენ პესიმისტები ვიქნებით, მოსალოდნელია, რომ ხალხი შეწყვეტს საკუთარი ბიზნესის განვითარებას უკრაინაში და შეწყდება გადასახადების გადახდა და ჩვენ არ გვექნება რესურსი წინააღმდეგობის გასაგრძელებლად."

 

მსგავსი სიახლეები