"გამოიყენეთ ისტორიული შესაძლებლობა" - ბორელის სამი გზავნილი საქართველოს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოსეპ ბორელმა, თავისი ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
წერილში ჟოზეპ ბორელი საქართველოს მთავრობასა და ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიყენონ ევროპული პერპსექტივის "ისტორიული შესაძლებლობა".
"ევროკავშირს სურს, იხილოს საქართველოს წარმატება მის ევროპულ გზაზე", - წერს უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოსთვის სამი მთავარი გზავნილი აქვს.
საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, მაგრამ...
"პირველი: ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", - ნათქვამია ჟოზეპ ბორელის წერილში, - "მაგრამ ამ გზაზე საქართველოსთვის ნათელი მოთხოვნებია, რაც ევროკომისიის წარდგენილ თორმეტ რეკომენდაციაშია გაწერილი".
უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი იმაზეა დამოკდებული, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ამ მიზნების მიღწევას.
ჟოზეპ ბორელი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ამ ეტაპზე თორმეტიდან მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული და გამოყოფს მთავარ სფეროებს, სადაც საქართველოს ჩავარდნა აქვს. ესენია: დეპოლარიზაცია; ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების დე-ოლიგარქიზაცია; საარჩევნო რეფორმა; მედია პლურალიზმი და ადამიანის უფლებები.
ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტსაც. მისი თქმით, ამან პოლარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ გაზარდა.
"მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა".
მადლიერება და წუხილი
ჟოზეპ ბორელის წერილის მეორე გზავნილი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ "ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ნათელ პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე".
ჟოზეპ ბორელი გამოყოფს საქართველოსა და ევროკავშირის "ახლო თანამშრომლობას" რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდების მცდელობის შესახებ და წერს, რომ "ამ თვალსაზრისით საქართველოში ბევრი გაკეთდა".
მაგრამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დასძენს იმასაც, რომ ბლოკი უკმაყოფილოა საქართველოს გადაწყვეტილებით რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
გარდა ამისა, ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მეტი იმუშაონ რუსეთის ჰიბრიდული აქტივობების წინააღმდეგ, პირველ რიგში კი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის.
"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას საინფორმაციო მანიპულაციის მიმართ მედეგობის გაზრდაში", - წერს ჟოზეპ ბორელი.
ოკუპაცია
"ჩემი მესამე გზავნილი ეხება ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
2008 წლის შემდეგ, საქართველო პუტინის ნეო-იმპერიული მსოფლმხედველობის მსხვერპლია", - წერს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი.
ჟოზეპ ბორელი საქართველოსადმი ევროკავშირის წვლილზე საუბრისას გამოყოფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 15 წლიან საქმიანობასა და ქართული თავდაცვითი ძალებისთვის 62 მილიონიანი ევროს ეკიპირების გადაცემას.
ჟოზეპ ბორელი საქართველოში გასულ კვირას იყო ჩამოსული. ის შეხვდა პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დასასრულს, სალაშქროდ გაეშურა ყაზბეგში.