გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი კიევს ეწვია

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ორშაბათს დილით, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად იმყოფება.

ლინდნერი კიევში მატარებლით ჩავიდა. მანამდე უკრაინის დედაქალაქს უკვე სტუმრობდნენ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, კანცლერი ოლაფ შოლცი და რამდენიმე გერმანელი მინისტრი. 

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში ქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს შეხვდა. გარდა ამისა, ლინდნერმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრეი შევჩენკოსთან ერთად მოინახულა უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნის კედელი და განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკის გამოფენა მიხაილოვსკის მოედანზე.

მან აღნიშნა, რომ ის "ძალიან შინაარსიან" დიალოგს გამართავს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მხარი დაუჭიროს კიევს.

"ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, მხარდამხარ." - განუცხადა ლინდნერმა ჟურნალისტებს.

ამჟამად გერმანიაში მიმდინარეობს დებატები კიევისთვის ფრთოსანი რაკეტება Taurus-ის მიწოდების შესახებ. 13 აგვისტოს შოლცი ამ იდეის მიმართ თავშეკავებული იყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, როგორც ადრე, ყურადღებით შეისწავლის საკითხს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა

გერმანია უკრაინას აქტიურ ფინანსურ დახმარებას უწევს. 2022 წლიდან ბერლინმა უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს პირდაპირი ფინანსური დახმარება გადასცა. გარდა ამისა, გერმანია და სხვა კრედიტორები გასული წლის ივლისში უკრაინას ვალის გადახდის გადავადებას დაჰპირდნენ.

მიმდინარე წლის მარტში უკრაინის ვალების გადახდაზე მორატორიუმი 2027 წლამდე გაგრძელდა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უკრაინას დამატებითი ლიკვიდურობითა და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.

გარდა ამისა, უკრაინამ ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანაც მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები