მედია: გერმანია უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას გეგმავს

გერმანიის მთავრობა უახლოეს მომავალში უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას გეგმავს - გადაწყვეტილების შესახებ მთავრობამ შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოაცხადოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა T-online მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საუბარია Taurus-ის ტიპის საავიაციო რაკეტებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრია. "ამ დროისთვის კანცელარია მუშაობს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტაზე უკრაინის უმსხვილეს მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- ნათქვამია პუბლიკაციაში. 

წყაროებზე დაყრდნობით პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას მხარი დაუჭირა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც. 

ცნობილია, რომ გასულ კვირას გერმანიის კანცლერის ოფისმა მიიღო დეტალური პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროსგან, რომელიც რაკეტების გადაცემის შესაძლო ეფექტს, მისი მარაგებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნებოდა. 

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლოა სხვა ცვლილებების მომასწავებელიც გახდეს - გასულ კვირებში არაერთი წყარო მიუთითებდა, რომ გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ფრთოსანი რაკეტების გადაცემას, თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დათანხმდებოდა უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემას. 

მსგავსი ვითარება იყო ტანკებთან დაკავშირებითაც - გერმანიის მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა უკრაინისთვის ტანკების გადაცემას, რაც Abrams-ების გადაცემის შესახებ განაცხადა. 

კონტექსტი 

TAURUS საჰაერო ბაზირების რაკეტებია, რომლებიც არსებითად ფრანკო-ბრიტანული Storm Shadow-ს და Scalp-ის ანალოგია. ამ რაკეტების საექსპორტო ვერსიის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს აღწევს. 

მსგავსი სიახლეები