გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მხარს „დექსიტს“ უჭერს

ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ბრექსიტის მსგავსი რეფერენდუმის, „დექსიტის“ ჩატარებას მხარს დაუჭერს.

ანტი-მიგრაციული და ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტია - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 2013 წელს შეიქმნა.

გაერთიანების ლიდერი, ალისა ვაიდელი გერმანიის მიერ ევროპის კავშირის დატოვებას ემხრობა. მისი თქმით, მისი პოლიტიკური პარტია გამარჯვების შემთხვევაში ევროპული გაერთიანების რეფორმას განახორციელებს - ხელს შეუწყობს „დემოკრატიული დეფიციტის“ აღმოფხვრასა და ევროკომისიის, როგორც „არ არჩეული აღმასრულებლის“ უფლებამოსილების შეზღუდვას.

„თუ რეფორმის განხორციელება შეუძლებელია და ჩვენ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენა ვერ მოვახერხეთ, მაშინ ხალხს გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა მიეცეს, ისევე როგორც ეს ბრიტანეთში მოხდა“, - ალისა ვაიდელი.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერთა უმრავლესობა ევროპული გაერთიანების დატოვების მომხრეა, თუმცა გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ევროპის კავშირში დარჩენას უჭერს.

არსებობს მოლოდინი, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის - AfD“ 2024 წლის სექტემბერში საქსონიის, ბრანდენბურგისა და თიურინგიის რეგიონულ არჩევნებს მოიგებს. გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიები ამ უკანასკნელთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ ექსტრემისტული ქმედებებისთვის AfD-ს რამდენიმე წევრი გერმანიის სადაზვევრო სააგენტოს თვალთვალის ქვეშ მოექცა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის - AfD“, რომელიც  ხშირად გერმანიის მოსახლეობის გულის მოგებას ოლაფ შოლცის კრიტიკით ახერხებს. უკანასკნელ პერიოდში, კრიტიკის ქარცეცხლში თავად გაეხვა.

გასული წლის ნოემბერში AfD-ს წევრები ავსტრიელ ულტრამემარჯვენე აქტივისტს, მარტინ ზელნერს შეხვდნენ, სადაც გერმანიიდან მილიონობით ადამიანის ჩრდილოეთ აფრიკაში „რეიმიგრაციის“ გეგმა განიხილეს.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის ქალაქებში „ალტერნატივა გერმანიისთვის - AfD“ წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ალისა ვაიდელს ნოემბერში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა, მან სწრაფადვე გაათავისუფლა საკუთარი თანაშემწე, რომელიც მარტინ ზელნერთან შეხვედრას ესწრებოდა.

პარტიის ლიდერმა ის საგამოძიებო გამოცემა, რომელმაც მოსახლეობას დახურული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, „სკანდალური მეთოდების“ გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნულმა გამოცემამ გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები ადამიანების კანონიერი გზით დეპორტირების იდეის კრიმინალიზაციას შეუწყო ხელი.

ალისა ვაიდალი აცხადებს, რომ მათი გეგმა ქვეყნიდან მხოლოდ იმ ადამიანების გაძევებას ეხება, რომლებმაც მოქალაქეობა ყალბი პრეტენზიებით მოპოვეს, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტულ საქმიანობაში.

კითხვაზე თუ რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში „AfD-ს“ პრიორიტეტი, ვაიდელი აცხადებს, რომ პარტია ქვეყანაში „ეფექტურ სასაზღვრო კონტროლს დანერგავს და დამნაშავეების სახელმწიფოდან გაძევების გადაწყვეტილებას მიიღებს“.

 

მსგავსი სიახლეები