"ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ირანში ათობით ადამიანი დააკავეს - New York Times
ირანმა ორ ათეულზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაზვერვის უფროსი ოფიცრები, სამხედრო ოფიცრები დააკავა, თეირანში, უსაფრთხოების სამსახურების უზარმაზარი და დამამცირებელი ჩავარდნის საპასუხოდ, რამაც შესაძლებელი გახადა "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა.
ამის შესახებ New York Times ირანელებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც იცნობენ გამოძიების დეტალებს.
მაღალი თანამდებობის პირები ოთხშაბათს, ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დააკავეს, რომელიც თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა.
"ჰანიეს მკვლელობაზე პასუხის სიმწვავე ხაზს უსვამს რა მძიმე მარცხი იყო ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით ირანის ხელისუფლებისთვის, რომ მკვლელობა ქვეყნის დედაქალაქში, მკაცრად დაცულ რეზიდენციაში მოხდა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიიდან რამდენიმე საათის შემდეგ." - წერს გამოცემა.
New York Times-ის ცნობით, ის ფაქტი, რომ ირანს არ შეუძლია დაიცვას არც მისი ტერიტორია და არც მისი მთავარი მოკავშირეები, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ირანის რეჟიმისთვის, რადგან რეჟიმს "მტრებმა მიანიშნეს, რომ თუ მათ არ შეუძლიათ ისლამური რესპუბლიკის დამხობა, მაშინ მათ შეუძლიათ მისი ლიდერების განადგურება."
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თეირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა.
ირანისა და "ჰეზბოლას" შესაძლო საპასუხო დარტყმის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნაშია. ასევე აშშ-მა გაზარდა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო საზღვაო ფლოტის და ავიაციის რაოდენობა.