ჰეგსეთი: ტრამპისა და პუტინის საუბარი არ ნიშნავს, რომ აშშ-მა უკრაინას უღალატა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაპირებისამებრ ყველაფერს აკეთებს მშვიდობის მისაღწევად, ხოლო ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი არ ნიშნავს უკრაინის ღალატს. 

ამის შესახებ ჰეგსეთმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ჰეგსეთის თქმით, არცერთ ქვეყანას არ გამოუვლენია აშშ-ს მეტი ერთგულება და თანმიმდევრულობა უკრაინის დახმარების საქმეში. 

"ეს არ არის ღალატი. ეს არის აღიარება, რომ შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო დაინტერესებულები არიან და ინვერსიტირებულები არიან მშვიდობაში. მშვიდობაში მოლაპარაკებების გზით, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა. ტრამპი ამბობდა, რომ აუცილებელია მკვლელობების შეჩერება, ამისთვის კი აუცილებელია ორივე მხარემ აღიაროს რეალობა, რომლის აღიარებაც არ სურთ."

კონტექსტი 

13 თებერვალს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგა. 

ტრამპის თქმით, საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო და მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, მისი თქმით, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მაღალი შანსი ახლო მომავალში. 

პუტინთან საუბრის შემდეგ, შედგა სატელეფონო ზარი ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარიც. 

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა, რომელზეც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტური სცენარია. 

პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე გამორიცხა ამერიკული ჯარების გაგზავნა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა სრულად ევროპას დააკისრა

მსგავსი სიახლეები