"ჰეზბოლას" პეიჯერების აფეთქების შემდეგ, ირანმა ლიბანში თვალის ქირურგები გაგზავნა
ირანის "წითელი ნახევარმთვარის" განცხადებით, ლიბანში "სამაშველო ჯგუფები და თვალის ქირურგები" გაგზავნეს დაჭრილების სამკურნალოდ ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პეიჯერების გუშინდელი აფეთქების შემდეგ.
სულ მცირე ცხრა ადამიანი მოკვდა და ათასობით დაიჭრა, როდესაც ჰეზბოლას წევრების მიერ გამოყენებული პეიჯერები კოორდინირებული თავდასხმის დროს აფეთქდა.
დაშავებულებს შორის იყო ირანის ელჩი ლიბანში, მოჯთაბა ამანი, ირანული მედიის ცნობით, მას დაზიანებები "ხელსა და სახეზე" აქვს მიყენებული. New York Times-ის ცნობით, მან ერთი თვალი დაკარგა, მეორე კი მძიმედ დაზიანდა.
გამოცემის ცნობით, პეიჯერებზე აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე შეტყობინებები მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ისინი სახესთან მიიტანეს.
ტელეკომპანია Al-Hadath წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას დაახლოებით 500-მა წევრმა დაკარგა მხედველობა.
კონტექსტი
17 სექტემბერს, ისრაელის მიერ ორგანიზებული პეიჯერების აფეთქების შედეგად, ჰეზბოლას 9 მებრძოლი მოკვდა, 2750 კი დაშავდა.
აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა ჰეზბოლას თავდასხმების შეჩერება ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა და განაცხადა, რომ მან ჩაშალა ირანის მარიონეტული დაჯგუფების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნის მკვლელობის მცდელობა.
აფეთქებების ტალღა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:45 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. უცნობია, როგორ ააფეთქეს მოწყობილობები, მაგრამ მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ მფლობელებმა აფეთქებების წინ შეტყობინება მიიღეს.
პეიჯერები, რომლებიც დღეს ლიბანსა და სირიაში აფეთქდა, ორგანიზაციამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა ჰასან ნასრალამ თებერვალში წევრებს უბრძანა შეეწყვიტათ მობილური ტელეფონების გამოყენება, რადგან ისრაელის დაზვერვას მათი აღმოჩენა შეეძლო.
Al Jazeera ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ თითოეულ მოწყობილობაში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების წონა 20 გრამზე ნაკლები იყო და აფეთქებული პეიჯერების იმპორტირება ხუთი თვის წინ მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ გააქტიურდა ასაფეთქებელი ნივთიერება.