ტრამპი აცხადებს, რომ ომი ირანთან „ძალიან მალე“ დასრულდება
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, თუმცა დააზუსტა, რომ ეს მიმდინარე კვირაში არ მოხდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყებიდან ათი დღის შემდეგ, ტრამპმა პირველად მიანიშნა იმაზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა მალე ჩაცხრეს.
- პრესკონფერენციაზე გაკეთებული მისი კომენტარები თანხვედრაშია იმ საჯარო სიგნალებთან, რომლებიც მან ორშაბათს გაავრცელა.
- ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის აზრით, ტრამპის განცხადებები მიზნად ისახავდა აშშ-სა და მსოფლიოს საფონდო ბირჟების დამშვიდებას, რომლებიც მიმდინარე ომის გამო "შოკურ პერიოდს გადიან".
ბოლო ცნობები: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ტრამპის კომენტარების საპასუხოდ სახელმწიფო მედიის საშუალებით განაცხადა, რომ „სწორედ ისინი განსაზღვრავენ ომის დასასრულს“.
- მათი თქმით, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ ექსპორტსაც კი, თუ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.
- ამას ტრამპის საპასუხო მუქარა მოჰყვა პლატფორმა Truth Social-ზე.
მოვლენათა განვითარება: პრესკონფერენციამდე გამოსვლისას ტრამპმა თქვა: „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ საკმარისად არ გაგვიმარჯვია“.
- ამ განცხადების დაკონკრეტებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს მიაღწიოს მდგომარეობას, სადაც ირანს აღარ ექნება ბირთვული იარაღის პროგრამა და დასჭირდება დიდი დრო, ვიდრე კვლავ შეძლებს რეგიონის ბალისტიკური რაკეტებით დაშინებას.
- ტრამპმა განაცხადა, რომ 10-დღიანი ბრძოლების შემდეგ, აშშ-ის არმია იმ ნიშნულზეა, რომელსაც ომის ერთი თვის თავზე ელოდნენ.
- „ყველაფერი განადგურებულია“, - თქვა მან. „ამჟამად ამას უზარმაზარ წარმატებას ვუწოდებ. შეგვიძლია აქ გავჩერდეთ ან უფრო შორს წავიდეთ, და ჩვენ უფრო შორს წავალთ, თუმცა ამ ომის უდიდესი რისკი უკვე სამი დღეა, რაც გადავლილია“.
დეტალები: ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ნავთობის გაძვირებაზე და განაცხადა, რომ ეს მოკლევადიანი მოვლენაა. მისი თქმით, როგორც კი ირანი აღარ შეუქმნის საფრთხეს რეგიონს ან კომერციულ ნაოსნობას, ნავთობის ბაზარი გაცილებით სტაბილური გახდება.
- „თუ ირანი ეცდება, ზიანი მიაყენოს ნავთობის მომარაგებას, აშშ მას გაცილებით უფრო მძლავრად დაარტყამს“, - დასძინა მან.
რა იქნება შემდეგ: ტრამპმა აღნიშნა, რომ „იმედგაცრუებულია“ მოჯთაბა ხამენეის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნით, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ისრაელის ავიაიერიშს მამამისი შეეწირა. „ეს ქვეყნისთვის იმავე პრობლემების გაგრძელებას გამოიწვევს“, - თქვა მან.
- თუმცა, ტრამპმა უარი თქვა პასუხზე, გადაიქცა თუ არა მოჯთაბა ხამენეი სამიზნედ და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი „შეუფერებელი“ იქნებოდა.
- „ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც მშვიდობის მრავალწლიან გზას გაგვიხსნის, ხოლო თუ ამას ვერ მივაღწევთ, ჯობს ყველაფერი ახლავე დავასრულოთ“, - განაცხადა ტრამპმა, რითაც მიანიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა შესაძლოა ირანის რეჟიმის შესაცვლელად დამატებითი ზომები მიიღონ.