ჰიბრიდული საფრთხეები, პოპულიზმი და საქართველო - ინტერვიუ ფინეთის ელჩთან

 

ევროკავშირის წინაშე არსებული საფრთხეები, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, პოპულიზმის აღმასვლა მსოფლიოში - ამ და სხვა საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩს, კირსტი ნარინენს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებდით რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს დასავლეთის მიმართ - განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი აზრი კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი დეზინფორმაციული კამპანიების მიმართ?

კირსტი ნარინენი:

- ვფიქრობ, აქ სხვა ასპექტებთან ერთად, კიდევ  საინტერესოა მომენტია, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს - ზოგჯერ საჭიროა "ნოყიერი ნიადაგი", ზოგჯერ მათი [რუსეთი და ჩინეთი] ქმედებები უბრალოდ ამწვავებენ ან აღვივებენ დემოკრატიულ საზოგადოებებში უკვე არსებულ წინააღმდეგობებს და დაძაბულობას.

ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნდობას ეხება - არის თუ არა საზოგადოებაში ნდობა ჯანდაცვის სისტემის მიმართ? ენდობა თუ არა ხალხი მთავრობას და მათ გზავნილებს? არის თუ არა მთავრობის გზავნილები და პოლიტიკა კომპეტენტური, არამხოლოდ კოვიდის მიმართულებით, არამედ ზოგადადაც? სწორედ ეს არის მომენტი, რომლითაც სარგებლობენ ავტორიტარული რეჟიმები.

- საქართველოში კარგად გვახსოვს რუსეთის რეაქცია 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მიცემა განიხილებოდა, რასაც რამდენიმე თვეში რუსეთის სამხედრო აგრესია მოჰყვა. როგორ შეაფასებდით რუსეთის როლს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში?

კირსტი ნარინენი:

- ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რუსეთს ეს იდეა არ მოსწონს, მაგრამ მე ყურადღებას უფრო სხვა საკითხზე გავამახვილებდი - ევროკავშირი ეს არის რეფორმები, გამძლეობა და განვითარება 

რეფორმები ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მზად არის შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირის წევრობისთვის არის აუცილებელი. თუმცა ეს პროცესი, ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შენ იცი სად ხარ მოწყვლადი და აქტიურად იბრძვი, რომ ეს სისუსტეები ძლიერ მხარედ აქციო ან მათი ნეიტრალიზება შეძლო, იმიტომ, რომ ეს უმცირებს ყველა გარე ძალას, გავლენის მოხდენის საშუალებას. 

სწორედ ეს არის გამძლეობა - შენი დავალების შესრულება. ასევე, შეგეძლოს საზოგადოების ინფორმირება იმ მიმართულებითაც, სადაც თავს არ გრძნობ კარგად.

- მე მინდა გკითხოთ ბოლო დროს საქართველოს შიდა პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე: რა გავლენა მოახდინა ამან ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ? იყო დიდი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ბრიუსელი შუამავლის როლში ჩაერთო და გახდა ოპოზიციასა და მთავრობას შორის შეთანხმების მედიატორი. შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმება დატოვა. რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე?

კირსტი ნარინენი:

საზოგადოების პოლარიზებამ ძალიან პრობლემური სიტუაცია შექმნა, განსაკუთრებით, თავად ქართველებისთვის. ევროკავშირი იქ მოდერაციისთვის არაა, შარლ მიშელმა მედიაცია გაუწია შიდა პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა დახმარებოდა პოლიტიკურ პარტიებს შესულიყვნენ პარლამენტში და ქვეყანას ემუშავა, როგორც საპარლამენტო დემოკრატიას.

ეს თითქოს მუშაობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოახლოებულ ადგილობრივ არჩენვნებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ შეთანხმებაზე. ამიტომ რთულია თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემა. პოლიტიკური სტაბილურობა არის პირველი საკითხი, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში, რადგან ეს არის დემოკრატია.

- ჩვენ გვახსოვს "გერასიმოვის დოქტრინა", რომლის დედააზრი ისაა, რომ რუსეთი პერმანენტულ ჰიბრიდულ ომშია. დავინახეთ, რომ რუსეთის გავლენა და ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში. არის მზაობა რუსეთიდან წამოსულ საფრთხეზე საპასუხოდ? რა არის ევროკავშირის და თავისუფალი სამყაროს სუსტი წერტილები ამ საფრთხეებზე საპასუხოდ?

კირსტი ნარინენი:

- რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე ადეკვატური პასუხი მოითხოვს რესურსებს, მათ შორის ადამიანურ რესურსებს. ინტელექტუალურ რესურსებს, შესაბამის ბაზას და ადამიანებში მაღალ ცნობიერებას, რომ შეძლონ საფრთხისშემცველი სიტუაციის იდენტიფიცირება. 

იმიტომ რომ რუსეთი მხოლოდ საშიშ ნაბიჯებს არ დგამს, ზოგჯერ ისინი საკმაოდ ნორმალურად იქცევიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინეთზე. ჩვენ ზოგჯერ კოვიდი გვაბრმავებს, არადა ზედაპირის ქვემოთ ბევრი რაღაც ხდება, რაც იმაზე ბევრად საშიშია, რასაც ვხედავთ. ევროკავშირი ამ პროცესში უმჯობესდება, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათი მნიშვნელობის დანახვაში.

- ვისაუბროთ უსაფრთხოების გარემოზე პატარა ქვეყნებში - ფინეთი შესაძლოა დიდი ქვეყანა არ არის, საქართველო კიდევ უფრო პატარაა. ეს ორი ქვეყანა ცხადია განსხვავდება, მაგრამ რა შეიძლება გააკეთონ ასეთმა ქვეყნებმა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს გულისხმობს ჰიბრიდულ ომს, კიბერუსაფრთხოებას და ასე შემდეგ, რა შეიძლება მათ შეზღუდული რესურსებით გააკეთონ? 

კირსტი ნარინენი:

- მე შემიძლია ფინეთზე ვისაუბრო. პირველ რიგში, ფინეთს აქვს ერთიანი სამთავრობო მიდგომით მუშაობის დიდი გამოცდილება, რაც რესურსების სიმწირის პრობლემას პირდაპირ პასუხობს. ეს ნიშნავს ერთიანი ქსელის შექმნას და კოორდინაციას, რათა სახელმწიფოს მცირე რესურსები, მაქსიმალურად ეფექტურად იყო გამოყენებული.

ამ მრავალმხრივი საფრთხეების წინაშე, რომელსაც თანამედროვე კონფლიქტის კონცეფცია მოიაზრებს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მრავალმხრივი მიდგომა და მრავალმხრივი პასუხი გვქონდეს. 

ეს ნიშნავს საკმარის რესურსებს, ხალხი უნდა იცნობდეს ერთმანეთს. ასევე, არაეფექტურია არაკოორდინირებული მუშაობა - როდესაც ცალკეა უსაფრთოხოების სტრუქტურები, ცალკე ეკონომიკა, ცალკე ჯანდაცვა, ცალკე პოლიტიკური ინსტიტუტები და ა.შ.

ამ გზით გამომუშავდება სწორი ცნობიერება და ერთმანეთთან გაზიარებული ინფორმაციით ჩანს რეალური სურათი, რაც ამარტივებს ინსტრუმენტების პოვნას. ამისთვის ჩვენთან არსებობს ეროვნული თავდაცვის კურსები, რომელიც აერთიანებს კერძო სექტორს და საჯარო სექტორს, მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც სხდებიან ერთ ოთახში, სამი კვირის განმავლობაში და განიხილავენ ამ საკითხებს.

პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა ყველაფერია, სწორედ ამიტომ აკეთებს ევროკავშირი ამდენს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ რეგიონულ ფორმატებშიც. ჩრდილოეთ ბალტიის რვიანი ამის კარგი მაგალითია და კიდევ უამრავი ასეთი ფორმატი არსებობს, ნატოსა და ევროკავშირის, ევროპული საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში. ასეთ ფორმატებში პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა საერთო უსაფრხთოხების სურათში.

- ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ჩვენ ვხედავთ ავტორიტარიზმისა და პოპულიზმის აღმასვლას. ბოლო წლებში გავხდით ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენების მომსწრენი, როგორიცაა ბრექსიტი, მიგრანტთა კრიზისი და სხვა. ამ ფონზე იყო მოლოდინები, რომ ევროკავშირი შესაძლოა დაშლილიყო, თუმცა ესე არ მოხდა. შეგვიძლია გამოვყოთ, რა არის მთავარი საფრთხე ევროკავშირისთვის, საიდან მოდის ის და რა უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ ამის თავიდან ასაცილებლად?

კირსტი ნარინენი:

- საზოგადოებაში გამყოფი ხაზები იზრდება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი ადამიანი ტრადიციული სამსახურების გარეშე დატოვა და ეს თაობებს შორის უფსკრულს აღრმავებს. უფსკრულს აღრმავებს გენდერებს შორისაც, სოფლის და ქალაქის მოსახლეობას შორისაც. ამიტომ პოლიტიკოსებისთვის ამ ადამიანებამდე სათქმელის მიტანა უდიდესი პრობლემაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს პოლარიზებული პარტიული სტრუქტურა და იდეოლოგიები, რაც ხაზს უსვამს იდეოლოგიების აუცილებლობას, ღირებულებებზე დაფუძნებული დებატების აუცილებლობას. თუ შენი ძველი პროფესია ქრება, კურსების გავლის შემდეგ ახალს დაეუფლები, რაც, დიდი ალბათობით, უფრო საინტერესო და მაღალანაზღაურებადი იქნება. ასე რომ, ეს მინდოდა მეთქვა პოლიტიკურ სისტემებზე და ეს ტენდენციები შეგვიძლია დავინახოთ ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამის საუკეთესო მაგალითია.

სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსები ჭკვიანები უნდა იყვნენ იმ გაგებით, რომ არ უნდა გააღრმაონ ეს გამყოფი ხაზები. პირიქით, ხიდები უნდა ააშენონ, რადგან ესაა მდგრადი პოლიტიკა. წინ გახედვის ნაცვლად, ისინი უკან იხედებიან, ძველი დროისკენ, მაგრამ ეს დღეები არ დაბრუნდება.

დიდი მადლობა, მადლობა მასპინძლობისთვის და ჩვენთვის დროის გამონახვისთვის.

პ.ს - ინტერვიუ ჩაწერილია ჰელსინკში, 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე. 

მსგავსი სიახლეები