იაირ ლაპიდი ისრაელის მეთოხმეტე პრემიერ-მინისტრი გახდა

იაირ ლაპიდი ისრაელის ახალი პრემიერია. ლაპიდი აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო გარდამავალი პრემიერის პოსტი სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ ერგო.

ლაპიდის გარდამავალი კაბინეტის მთავარი მიზანი ქვეყნის არჩევნებისთვის მომზადება იქნება, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს უნდა გაიმართოს. ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები იქნება. 

"ჩვენ ვიზამთ ყველაფერს რაც ჩვენს ძალებშია, ვიზამთ ყველაფერს ებრაული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ეს არის მთავარი ეროვნული საქმე და საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ ყველა",- თქვა ბენეტმა მისასალმებელ სიტყვაში. 

პრემიერის რანგში პირველ შეხვედრას ბენეტი უსაფრთხოების სამსახურის [Shin Bet] უფროსთან რონენ ბართან თელავივში, კირიას სამხედრო ბაზაზე გამართავს. 

მოსალოდნელია, რომ დღესვე შედგება სატელეფონო საუბარი იაირ ლაპიდსა და ჯო ბაიდენს შორის, რომელიც ისრაელს 12 ივლისს უნდა ეწვიოს. უკვე 5 ივლისს ლაპიდი მოკლე ვიზიტით პარიზს ეწვევა, სადაც თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება. 

პოლიტიკაში 10 წლიანი გამოცდილების მქონე ყოფილი ჟურნალისტი, იაირ ლაპიდი ისრაელის პირველი არამემარჯვენე პრემიერია 2001 წლის შემდეგ.

ყოფილი ტელეწამყვანი პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა, ლაპიდმა თავის პირველივე არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ბიბი ნეთანიაჰუს მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა. 

ლაპიდმა ცენტრისტული პარტია "არსებობს მომავალი" [Yesh Atid] დაარსა, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პარტიად რჩება. 

გუშინ ისრაელის აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა და ლაპიდის კოალიციურმა პარტნიორმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ პოლიტიკისგან შესვენებას იღებს და არ ჩაერთვება მომდევნო არჩევნებში. 

_____________________________________________

ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირას გადაწყვიტა

ამგვარად ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში მეხუთე არჩევნები იქნება. 

ისედაც არამყარი საპარლამენტო კოალიციის დაშლის მიზეზი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებების შესახებ კანონის მოქმედების ვადის ამოწურვა გახდა. 

ბენეტისა და ლაპიდის გუნდი გასული კვირების განმავლობაში ცდილობდნენ კანონის ვადის გახანგრძლივებას, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს. რის შედეგადაც გასულ კვირას ბენეტის პარტიის დეპუტატმა, ნირ ორბახმა კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბენეტი ცდილობდა საკუთარი თანაპარტიელის გადარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ და საბოლოოდ მეტი ზიანის თავიდან ასაცილებლად ამჯობინა ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო.

"ეს არ არის მარტივი მომენტი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ამ კოალიციის შესანარჩუნებლად. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლაპიდმა პრემიერის პოსტი ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაიბაროს", - განაცხადა ბენეტმა. 

"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ძალებს, რომლებსაც სურთ ისრაელი არადემოკრატიულ სახელმწიფოდ გადააქციონ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა იაირ ლაპიდმა. 

კოალიციის გადაწყვეტილებას "დიდებული ამბავი" უწოდა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა ბიბი ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ მას ფართო ნაციონალური კოალიციის ჩამოყალიბება სურს. 

"უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს მთავრობა ყველაზე დიდი ჩავარდნაა ისრაელის ისტორიაში", - თქვა ნეთანიაჰუმ. 

მოსალოდნელია, რომ არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ებრაული დღესასწაულების შემდეგ გაიმართება. 

ეს ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, რომელიც ისრაელში 13 ივლისს გაიმართება. 

ამ კონფიგურაციით სახელმწიფოს მეთაურის რანგში ბაიდენს სწორედ იაირ ლაპიდი უმასპინძლებს.  

ნაფტალი ბენეტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

ისრაელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს არასაფრენი ზონა.  

 

 

მსგავსი სიახლეები