იაპონია თოვლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას გეგმავს
იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონშუს ჩრდილოეთით, დაიწყო საპილოტე პროექტი თოვლის დნობის დროს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ამ ინფორმაციას სააგენტო Kyodo 8 იანვარს ავრცელებს.
ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის თოვლი სპეციალურად იზოლირებულ ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და გამდნარი თოვლისგან მიღებული სითხე ტურბინას ამოძრავებს, რომელიც ორთქლდება გარემომცველი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო. ეს პროექტი ადგილობრივმა IT კომპანიამ ტოკიოს ელექტრო კომუნიკაციის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.
აომორი იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ყოველ ზამთარს დიდი თოვლი მოდის, რომლის შედეგების დასაძლევადაც ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს. თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები გაიწმინდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას ცდილობს, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებით.
უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ გამოიყენონ ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო. ექსპერიმენტის დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში, მათ თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის გაჩენის იმედი აქვთ.