ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა, მასუდ ფეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ე.წ. რეფორმისტული ბანაკის კანდიდატმა, მასუდ ფეზეშკიანმა გაიმარჯვა. 

69 წლის ფეზეშკიანმა ხმათა 53.5% (16.3 მილიონი ხმა) მეორე ტურში ირანის უმაღლესი ლიდერის წარმომადგენელი, საიდ ჯალილი დაამარცხა, რომელმაც 13.5 მილიონი ხმა მიიღო. რეფორმისტი კანდიდატის გამარჯვების მიუხედავად, აქტივობამ მეორე ტურზე 49% შეადგინა, რაც ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

"ძვირფასო ირანელებო, არჩევნები დასრულებულია და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი" - განაცხადა ფეზეშკიანმა შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. 

კონტექსტი 

განათლებით ქირურგი ფეზეშკიანის წინასაარჩევნო კამპანია ქალთა უფლებებსა, ახალგაზრდებისა და უმცირესბობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყო აგებული. ფეზეშკიანი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია იყო, რომელიც შეეწინაღმდეგა რეჟიმის ნარატივის მაჰსა ამინის მკვლელობის საქმეზე. 

ფეზეშკიანი ღიად და მწვავედ არასდროს დაპირისპირებია უმაღლეს სულიერ ლიდერს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ბოლო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის. 

ალი ხამენეი პირდაპირი და ირიბი კონტროლის მექანიზმებით აკონტროლებს პარლამენტს, მედიას, არმიას. ამ სისტემაში პრეზიდენტი საკუთარი გავლენით ნომინალურად მეორე პირია. 

პრეზიდენტს აქვს დიდი გავლენა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის რელიგიური წესების აღსრულებასა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. 

ფეზეშკიანის დაპირებებს შორის იყო, ჰიჯაბის ტარების წესის შემსუბუქება, ასევე დასავლეთთან მოლაპარაკებების ახალი თავის დაწყება, მათ შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაძლო აღდგენაზეც. 

მსგავსი სიახლეები