ისრაელი გოლანის მაღლობებზე ახალშენების გაორმაგებას აპირებს

 

ისრაელის მთავრობამ გოლანის მაღლობებზე ებრაული ახალშენების რაოდენობის გასაზრდელად 310 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ქვეყანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მაღლობებზე 7 300 ახალშენის დამატებას აპირებს, სადაც ჯამში 23 000-მდე ადამიანს შეეძლება ცხოვრება.

„ჩვენი მიზანი გოლანის მაღლობებზე მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

დღეს გოლანის მაღლობებზე 25 000-მდე ებრაელი მოახალშენე და 23 000-მდე არაბი დრუზი ცხოვრობს.

სირიასთან სადავო ტერიტორია ისრაელმა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს.

„ისრაელის კონტროლის ქვეშ გოლანის მაღლობებზე სიმშვიდე... სუფევს. სირიაში ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ალტერნატივას ყველა აცნობიერებს“, - ამბობს ისრაელის პრემიერი.

2019 წლიდან გოლანის მაღლობები ისრაელის ნაწილად ცნო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ანალიტიკოსების აზრით, ბაიდენის ადმინისტრაცია წინამორბედის პოლიტიკის გადასინჯვას არ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები