ისრაელის ავიადარტყმის შედეგად "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შვილები მოკვდნენ
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამი შვილი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 10 აპრილს დაადასტურა, რომ განხორციელდა საჰაერო თავდასხმა "სამი ტერორისტის" ამირ, მუჰამედ და ჰაზემ ჰანიეს წინააღმდეგ, რომლებიც "ჰამასის" სამხედრო ფრთის წევრები იყვნენ.
ისმაილ ჰანიეს შვილები
მანამდე ტელეკომპანია Al-Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია ღაზას სექტორში ჰანიეს ვაჟებისა და შვილიშვილების დაღუპვის შესახებ. ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ მისი სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი მოწამეობრივად დაიღუპა და თქვა, რომ ისინი მაშინ მოკვდნენ, როცა რამადანის დღესასწაულის დასასრულს ლტოლვილთა ბანაკში ნათესავებს სტუმრობდნენ.
მან აღნიშნა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მისი ოჯახის 60 წევრი დაიღუპა. ტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში დაიღუპა.
ისმაილ ჰანიე 2017 წლიდან ხელმძღვანელობს "ჰამასის" პოლიტიკურ ფრთას და ითვლება მთელი დაჯგუფების ლიდერად, ხოლო იაჰია სინვარი ღაზას სექტორში ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ჰანიე კატარის დედაქალაქ დოჰაში ცხოვრობს.