ისრაელმა სირიაში ირანული დრონების ქარხანა დაბომბა
ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ირანული კამიკაძე დრონების ქარხანა განადგურდა. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი (SOHR) წერს.
SOHR-ის წყაროების ცნობით, 21 ოქტომბერს, დამასკოს პროვინციის დასავლეთ ნაწილში, დიმასის სამხედრო აეროპორტთან არსებული ქარხანა დაიბომბა.
დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ამ სამხედრო აეროპორტს ბოლო დროს მთლიანად ირანელები და მათ მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები, მათ შორის ჰეზბოლას წევრები აკონტროლებენ.
SOHR წერს, რომ 2022 წლის იანვარში ამ ადგილას ჩამოიტანეს იარაღი, საბრძოლო მასალა და კომპონენტები დრონების ასაწყობად. ასევე ორგანიზაციის ცნობით, ჰეზბოლას წევრები აეროპორტის ირგვლივ ირანიდან მიღებული იარაღის შესანახად მიწას ბურღავდნენ.
ცენტრის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ ტერიტორიაზე მათ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრები და ჰეზბოლას ექსპერტები ნახეს, რომლებიც ირანში გაწვრთნეს.