ისრაელში დააპატიმრეს მოქალაქე, რომელიც ირანის დავალებით ნეთანიაჰუს მოკვლას გეგმავდა
გასულ თვეში ისრაელში დააკავეს სამოქალაქო პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანმა დაიქირავა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის ან შინ ბეთის (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური. - რედ.) ხელმძღვანელის მოსაკლავად.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
შინ ბეთი და პოლიცია ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ეჭვმიტანილი ორჯერ იმყოფებოდა ირანში და მიიღო თანხა ამ მისიის შესასრულებლად.
ეჭვმიტანილს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ბრალი დღეს წარუდგინეს.
შინ ბეთისა და პოლიციის გამოძიების თანახმად, ისრაელელის მოქალაქე იყო ბიზნესმენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, სადაც მას საქმიანი და სოციალური ურთიერთობა ჰქონდა თურქეთისა და ირანის მოქალაქეებთან.
2024 წლის აპრილში, ეჭვმიტანილი ორი თურქის, ანდრეი ფარუკ ასლანისა და ჯუნაიდ ასლანის შუამავლობით დათანხმდა, შეხვედროდა ირანში მცხოვრებ მდიდარ ბიზნესმენს, სახელად ედის.
შინ ბეთის ცნობით, ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ სამანდაგში, სირიასთან ახლოს, გაემგზავრა და შეხვდა ირანელი ბიზნესმენის მიერ გამოგზავნილ ორ წარმომადგენელს. სამანდაგში ისრაელელ ეჭვმიტანილსა და ირანელს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.
გამოციების თანახმად, 2024 წლის მაისში ეჭვმიტანილი თურქეთში ანდრეის, ჯუნაიდისა და ედის ორ წარმომადგენელთან შესახვედრად გაემგზავრა.
მას შემდეგ, რაც ირანელმა ბიზნესმენმა, როგორც ჩანს, კვლავ ვერ შეძლო ირანის დატოვება და თურქეთში გამგზავრება, ისრაელელი მამაკაცი უკანონოდ შეიყვანეს ირანში აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ვანის მახლობლად სახმელეთო გადასასვლელის გავლით.
ირანის შიგნით, ისრაელის მოქალაქე შეხვდა ედის და სხვა პირს, სახელად ხუაჯას, რომელიც თავს ირანის უსაფრთხოების ძალების წევრად წარადგენდა.
ამ შეხვედრის დროს ედიმ ისრაელელ ეჭვმიტანილს შესთავაზა, რომ მას შეესრულებინა სხვადასხვა მისიები ისრაელში ირანის რეჟიმისთვის, მათ შორის ფულის ან იარაღის გაგზავნა მითითებულ ადგილებში, ხალხმრავალ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფოტოების გადაღება..
ისრაელელი ეჭვმიტანილი 2024 წლის აგვისტოში დაბრუნდა ირანში. გამოძიების ცნობით, ის ირანში კონტრაბანდულად სახმელეთო გადასასვლელის გავლით, სატვირთო მანქანაში დამალული შეიყვანეს.
უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ ედის სახლში ისრაელის მოქალაქე ირანის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე ან შინ ბეთის ხელმძღვანელ რონენ ბარზე თავდასხმების ორგანიზებაში ჩართვა დაავალეს.
გამოძიების თანახმად, ირანის დაზვერვის წარმომადგენლებმა ასევე შეისწავლეს სხვა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მკვლელობის შესაძლებლობა.
შინ ბეთი აცხადებს, რომ მკვლელობები თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე შურისძიება უნდა ყოფილიყო.