ISW: ხარკოვთან უკრაინის შეტევა გრძელდება, რუსეთის საზღვრამდე 10 კმ რჩება

უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებით გრძელდება და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზამდე დაახლოებით 10 კილომეტრი რჩება. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ირგვლივ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის სტარი სალტოვკა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეში მდებარეობს. 

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა რუსეთის საოკუპაციო ძალებს აიძულებს ამ მიმართულებით გადმოისროლოს დამატებითი ძალები იზიუმიდან. 

მოსალოდნელია, რომ უკრაინელების შეტევის შედეგად, რუსული არტილერია დაკარგავს ხარკოვის ჩრდილო გარეუბნების საარტილერიო დაბომბვის საშუალებას. ამავდროულად უკრაინის შეტევა უშუალო საფრთხეს შეუქმნის რუსეთის საზღვრისპირა რაიონებს, რამაც შესაძლოა ჩაშალოს საოკუპაციო ძალების შეტევა იზიუმის მიმართულებით. 

დოკუმენტში საუბარია ბელარუსში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზეც და განხილულია პროცესის რამდენიმე დეტალი, თუმცა შეჯამების სახით ნათქვამია, რომ ბელარუსის ჩართვა უკრაინაში მიმდინარე ომში ნაკლებად მოსალოდნელია. 

დოკუმენტში მოყვანილი სხვა მთავარი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • რუსეთის შეტევა იზიუმის ირგვლივ კვლავ გაჭედილია;

  • დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ჯარი და რუსეთის საოკუპაციო ნაწილები მაქსიმალურად ცდილობენ მარიუპოლის ნარჩენებზე კონტროლის კონსოლიდაციას;

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას და პოპასნაიადან უკვე მიაღწიოს დონეცკ-ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს;

  • გასული 24 საათის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეტევები არ წამოუწყია არც უკრაინას და არც რუსეთის საოკუპაციო ძალებს;

მსგავსი სიახლეები