კალასი: ნაკლებად სავარაუდოა ნატოს ლიდერი გავხდე, რადგან აღმოსავლეთის ფლანგიდან ვარ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა ის ნატოს გენერალური მდივანი გახდეს, რადგან ის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგიდანაა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უფრო "შესაფერისად" მიიჩნევიან. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს

ალიანსის ლიდერის თანამდებობაზე კალასის კანდიდატურა რამდენიმე სხვა პირთან ერთად დასახელდა, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.

მოქმედი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბურგი წლის ბოლოს გადადგება.

სამშაბათს საღამოს BBC Newsnight-ის შოუში კალასს ჰკითხეს, სურდა თუ არა ამ თანამდებობის დაკავება.

"ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე შემომთავაზებენ ასეთ სამსახურს," - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ლიდერი იყოს იმ ქვეყნიდან, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს ხარჯავს.

მაგრამ როდესაც ჟურნალისტმა მას კიდევ ერთხელ ჰკითხა, რატომ ვერ გახდება ის ნატოს გენერალური მდივანი, კალასმა უპასუხა: "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მრავალი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი ის არის, რომ მე ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდი ამ საკითხებზე [რუსეთი, უკრაინა, თავდაცვის ხარჯები] და ვარ აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნიდან და მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ნატოში ვართ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის ქვეყნები, რომლებიც უფრო შესაფერისად განიხილება."

მას გაეცინა, როდესაც კვლავ ჰკითხეს, დაეთანხმება თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას, თუ მას ეს შესთავაზეს.

"თუ მე შემომთავაზეს, მე მომიწევს ამაზე ფიქრი, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ამაზე ფიქრით თავი შევიწუხო", - იხუმრა მან.

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებია. 

გასულ წელს, 30 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ შვიდი აკმაყოფილებდა ნატოს მიერ მოთხოვნილ თავდაცვის ხარჯების სტადარტს (მშპ-ს 2%): საბერძნეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

მსგავსი სიახლეები