კანადა 34 რუს პროპაგანდისტსა და მსახიობს სანქციებს უწესებს

კანადამ რუსეთის 34 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომლებიც "რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში" მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი 17 ოქტომბერს ავრცელებს.

ახალი სანქციების სიაში არიან მედია მენეჯერი თინა კანდელაკი, გაზეთ "Московский комсомолец-ის" მთავარი რედაქტორი პაველ გუსევი, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამების დირექტორი კირილ კლეიმენოვი, ტელეწამყვანი ანდრეი კონდრაშოვი, ნაილია ასკერ-ზადე, ანატოლი კუზიჩევი, ოლესია ლოსევა, ანდრეი დობროვი, დიმიტრი გუბერნიევი, ჟურნალისტები ალექსანდრ გამოვი და ალექსანდრ კოტსი.

გარდა ამისა, სადამსჯელო ზომები შეეხოთ მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვს, ვლადიმერ მაშკოვს, დიმიტრი პევცოვს, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს ვლადიმერ მედინსკის, როსნეფტის პრესმდივანს მიხაილ ლეონტიევს, "ახალი ხალხის პარტიის" ლიდერს ალექსეი ნეჩაევს.

სანქციები დაუწესდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია "Звезда-ს".

"რუსული რეჟიმის ომი დამოკიდებულია სიცრუეზე და მოტყუებაზე. ის აჩუმებს და აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ბედავენ სიმართლის თქმას. რამდენადაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები იზრდება, კანადა პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებს იღებს". - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

სანქციები ყინავს რუსების ნებისმიერ აქტივს კანადაში და უკრძალავს კანადურ ფინანსურ ინსტიტუტებს მათთვის მომსახურების გაწევას. სანქცირებულ პირებს კანადაში შესვლა ეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები