ხამენეი: ირანს ბირთვული ენერგია სჭირდება და არა შეიარაღება

 

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ატომური იარაღის წარმოებას არ აპირებს და სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის განვითარება სურს.

„ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ადრე თუ გვიან მშვიდობიანი ბირთვული ენერგია დაგვჭირდება“, - განაცხადა 82 წლის ლიდერმა ირანის სამთავრობო არხთან ინტერვიუში.

ხამენეის განცხადება ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდს მოჰყვა.

ვენაში ბირთვული ხელშეკრულების მხარეების ბოლო შეხვედრას კომპრომისის მიღწევის შესახებ პოზიტიური გზავნილები მოჰყვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები „გადამწყვეტ მომენტს“ მიუახლოვდა და შეთანხმების ბედი „რამდენიმე დღეში“ გაირკვევა.

„ახლა ირანელების მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. [ისინი] ახლა ან სერიოზულ კრიზისს გამოიწვევენ, ან შეთანხმებას მიიღებენ, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს ითვალისწინებს“, - ამბობს ჟან-ივ ლე დრიანი.

 


2015 წელს დადებული ხელშეკრულება ირანში ბირთვული ენერგეტიკის სამხედრო მიზნებით გამოყენების შეზღუდვას ისახავდა მიზნად - თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

შეთანხმება 2018 წელს აშშ-მ დატოვა, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

ხელშეკრულების სხვა მხარეებს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და საკუთრივ ირანი წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები