ხორვატია მედვედჩუკის იახტას $200 მილიონად გაყიდის

უკრაინელი პოლიტიკოსის, პრო-რუსი ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის იახტა, რომლის ღირებულებაც 200 მილიონი დოლარია, ხორვატიაში აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ The Guardian წერს.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ხორვატიის სასამართლომ დაადგინა, რომ მედვედჩუკის 92.5 მეტრიანი იახტა Royal Romance უნდა გადაეცეს უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს, რომელმაც განაცხადა, რომ ის "შეინარჩუნებს ეკონომიკურ ღირებულებას მისი აუქციონზე გაყიდვით".

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელი ხალხის სახელით ჩამორთმეული ქონება გაიყიდება. რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა სანქციები დაუწესეს ასობით ოლიგარქს და მათ აქტივებს.

68 წლის მედვედჩუკი, კრემლის მომხრე უკრაინელი პოლიტიკოსი, აპრილში უკრაინაში დააკავეს. სექტემბერში ის ტყვეების გაცვლის დროს რუსეთს გადასცეს. ის პუტინთან ყველაზე დაახლოებულ უკრაინელ პოლიტიკოსად ითვლება, მისი შვილი დარია პუტინის ნათლულია.

Royal Romance ჰოლანდიური სუპერიახტების მშენებელმა კომპანია Feadship-მა 2005 წელს ააშენა. იახტას აქვს კაბინები 14 სტუმრისთვის და სივრცე ეკიპაჟის 21 წევრისთვის, ასევე 4 მეტრის სიგანის საცურაო აუზი.

მსგავსი სიახლეები