ხორვატიაში მასშტაბური ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ათასოვით ადამიანმა ანტი-სამთავრობო დემოსტრაცია გამართა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება მოითხოვეს.
ხორვატიის საკანონმდებლო ორგანო 151 წევრისგან შედგება. მმართველი კოალიცია („ხორვატიის დემოკრატიული კავშირი - HDZ” + “დამოუკიდებელ დემოკრატთა სერბული პარტია - SDSS”) ჯამში 67 მანდატს ფლობს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ანდრეი პლენკოვიჩი იკავებს.
მიმდინარე წელს ხორვატიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი კენჭისყრის ზუსტი თარიღები.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები არჩევნების დაუყონებლივ დანიშვნას მოითხოვენ. ისინი მმართველ გუნდს დემოკრატიის პრინციპების ხელყოფაში, კანონის უზენაესობის აღმოფხვრასა და კორუფციის აყვავებაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეებმა ანდრე პლენკოვიჩს წასვლისკენ მოუწოდეს: „წადი!“; „საკმარისია!“.
„ჩვენი ძალა ჩვენს კალმებშია, ჩვენს ხელშია. ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი იმსახურებს საუკეთესო გადაწყვეტილებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ავტოკრატიაში გადაგვიყვანონ“, - დავორკო ვიდოვიჩი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.