კიევის სასამართლომ იანუკოვიჩს პატიმრობა მიუსაჯა

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ, სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზების საქმეზე, უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ 19 მაისს გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ზე განაცხადა.

დეპარტამენტი იანუკოვიჩის სახელს არ ასახელებს, თუმცა საქმის თარიღებიდან და გარემოებებიდან ირკვევა, რომ მასზეა საუბარი.

"გენერალური პროკურატურის პროკურორების მონაწილეობით, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებაში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი)", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წლის 23 თებერვალს, უკრაინის ექს-პრეზიდენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი შვეულმფრენით სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფიდან რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ქალაქ ანაპამდე მინიმუმ 20 ადამიანი გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები