კირბი: რუსეთს ავდიივკას მახლობლად მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ ხუთშაბათს აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის შეტევისგან ავდიივკას, ლიმანსა და კუპიანსკს იცავენ.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ ავდიივკას, ლიმანისა და კუპიანსკის რაიონებში მიმდინარეობს და ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა რუსული ძალების კონცენტრაცია რეგიონში. ამავდროულად, უკრაინელმა სამხედროებმა, მათ შორის ამერიკული დახმარების წყალობით, "გაძლეს და აკავებენ ფრონტის ხაზს."
"11 ოქტომბრიდან რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ჰქონდა თავდასხმის მცდელობისას, მათ შორის მინიმუმ 125 ერთეული ჯავშანმანქანა ავდიივკას გარშემო და ბატალიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკა,"- თქვა კირბიმ.
მისი თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს თავდასხმის მცდელობას ავდიივკას რაიონში და უახლოეს თვეებში "შეიძლება გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიოს," მაგრამ ეს კეთდება "ათასობით" რუსი სამხედროს ხარჯზე.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ფაქტობრივად სიკვდილით დასაჯეს ჯარისკაცები, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან, რომ დახვრიტენ მთელ დანაყოფებს, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ,"- აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
კირბის თქმით, რუსეთის შეტევა ავდიივკაზე არის კიდევ ერთი "გამაფრთხილებელი შეხსენება," რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უარი არ უთქვამს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებაზე, რის გამოც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხრიდან კიევის მხარდაჭერა.