კლიმკინი: პუტინმა დასავლეთის ერთიანობა დაუბრუნა და ის შეძლო, რაც ტრამპს არ გამოუვიდა

უკრაინა ნატოში ისევე იქნება, როგორც ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც უკვე განაცხადეს ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ეს მოსაზრება 12 მაისს ფეისბუქზე უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა გამოთქვა.

"ფინეთი და შვედეთი ალიანსში პუტინის წყალობით იქნებიან. პუტინმა დასავლეთის ერთიანობა დაუბრუნა და გააკეთა ის, რაც ტრამპმა ვერ შეძლო - აიძულა გაეზარდა თავდაცვის ხარჯები", - წერს ის.

უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ "უკრაინაც შევა ნატოში".

"მაკრონის მსგავსი საუბარი - 'ჩვენ პუტინს არ დავამცირებთ' - ამას ხელს არ შეუშლის. თუ თავად უკრაინას ძალუძს რუსეთის დამარცხება, მაშინ ასეთ უკრაინაზე უარს ვერავინ იტყვის", - თქვა კლიმკინმა.

მან არ გამორიცხა, რომ მომავალში ნატოს წევრი ავსტრალია, იაპონია და სხვები გახდნენ.

"ნატო და დასავლეთი სინონიმები უნდა გახდნენ, როგორც ნატო და პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია ახლა სინონიმებია. პუტინს სურდა უკრაინის განადგურება და დასავლეთის დასუსტება, მაგრამ მან სრულიად არასწორად გათვალა და თავისი რეჟიმის განადგურებას შეუწყო ხელი. და უკრაინა სამუდამოდ დასავლურ ნავშია", - თქვა კლიმკინმა.

მსგავსი სიახლეები