კულება: ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 ათას ჭურვს მიაწვდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მარტის ბოლოს ევროკავშირი გეგმავს უკრაინას თითქმის 170 ათასი ჭურვი მიაწოდოს.
საუბრისას ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან უჭერს მხარს და ამას ერთი მთავარი პრიორიტეტით გააგრძელებს: "მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს დამატებითი სამხედრო მხარდაჭერისკენ."
თავის მხრივ, კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების "ისტორიული გადაწყვეტილებისთვის", რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" მხარდაჭერისთვის.
"საარტილერიო ჭურვები ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია. მარტის ბოლოსთვის ევროკავშირი გეგმავს უკრაინას მიაწოდოს თითქმის 170 ათასი ჭურვი და მუშაობს მიწოდების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდაზე," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2023 წლის მარტში ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის წელიწადში მილიონი ჭურვის მიწოდებაზე, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწია. ამ დროისთვის ევროკავშირმა 355 ათასი ჭურვი გაგზავნა უკრაინაში, წლის ბოლომდე კი 1 155 000-ის მიწოდება იგეგმება.
ამ კვირის დასაწყისში, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებისთვის.