ლატვია უკრაინას ყველა თავის ვერტმფრენს გადასცემს
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას მის შეიარაღებაში არსებულ ყველა გადასატან საზენიტო სისტემა Stinger-ს და ყველა ვერტმფრენს გადასცემს.
კარინსმა გაიხსენა, რომ მისმა მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარება ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში გადაწყვიტა. მისი თქმით, პირველი Stinger-ები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.
"ჩვენმა მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3%-ზე მეტი დახარჯა უკრაინის სხვადასხვა სახის დახმარებაზე, მათ შორის 1% სამხედრო დახმარებაზე. ყველა ჩვენი Stinger ახლა უკრაინაშია. ჩვენ გვყავდა ვერტმფრენების ფლოტი - ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი აღდგენა, რათა მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს - ბოლო დარჩენილი ვერტმფრენებიც უკრაინაში წავა," - აღნიშნა მან.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 3000-მდე უკრაინელ სამხედროს წვრთნის, ასევე ეხმარება დრონებითა და საბრძოლო მასალით, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებაზე.
"ჩემი გზავნილი თქვენთვის მარტივია: თუ ლატვიის მსგავს პატარა ქვეყანას შეუძლია მშპ-ს 1.3% დახარჯოს, მაშინ თქვენც შეგიძლიათ. ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ერი, მაგრამ ეს შესაძლებელია და როგორც პოლიტიკოსმა შემიძლია ვთქვა: ეს ასევე სასარგებლოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტს ეხმარებით, მით უფრო მაღალია თქვენი რეიტინგი," - თქვა კარინსმა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებმა უნდა იპოვონ გზა, გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად.