ლატვიის პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩმა ვაშინგტონში, ალიანსის სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების არ ხსენებაზე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
რინკევიჩის თქმით, სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებაში საქართველოს გაწევრიანების არ ხსენება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მთავრობა "ძალიან შორს წავიდა," უგულებელყო საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდება რუსული კანონის შესახებ.
"მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე. დიახ, ტექნიკურად საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ, დამეთანხმებით, ჩვენ უნდა შევზღუდოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუ ის არ გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებთ, თქვენ არ ხართ ამ კლუბის ნაწილი. ეს თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა," - განაცხადა მან.
ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს თავის კანონმდებლობას.
"თუ ის ამას არ გააკეთებს, ნუ ელით, რომ განვიხილავთ საქართველოსთან პროცესის (ინტეგრაციის – რედ.) გაგრძელების შესაძლებლობას." - აღნიშნა მან. "საქმე იმაშია, რომ კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ ორგანიზაციების კრიტერიუმებს და პირობებს, რომლის წევრობაც სურთ."
ბოლო თვეებში საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღების.
ივნისის ბოლოს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გამოაცხადა საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა Noble Partner-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება.