ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ 30 სექტემბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე განაცხადა.
"ბალტიისპირელი მეგობრები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში ვადაზე ადრე გაწევრიანებას. უკრაინის შთამაგონებელი გამბედაობა ჩვენ ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.
30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს მიმართავს დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებაზე. უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები კონსენსუსით მიიღებენ, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე.
ზელენსკიმ ეს განცხადება იმავე დღეს გააკეთა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "შეთანხმებებს" დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან "შეერთების" შესახებ.