ლუგარის ლაბორატორიასა და NCDC-ის აშშ-დან 2 მლნ ლარის დაფინანსება შეუჩერდა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

31 ივლისს, აშშ-ის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები