ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს პრეზიდენტის უვადო გარანტიების შესახებ
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ცვლილებებს ბელორუსის პრეზიდენტის შესახებ კანონმდებლობაში.
3 იანვარს, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობით, ეს ცვლილებები ითვალისწინებს ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ კანონის "ყოვლისმომცველ კორექტირებას" განახლებული კონსტიტუციის შესაბამისად.
სხვა საკითხებთან ერთად, გამკაცრდა წესები ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის, რომელიც მინიმუმ 40 წლის უნდა იყოს და უშუალოდ არჩევნებამდე ქვეყანაში მინიმუმ 20 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და მანამდე არასოდეს უნდა ჰქონოდა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის ნებართვა ან უცხო სახელმწიფოს სხვა დოკუმენტი.
გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი "სარგებლობს იმუნიტეტით" და თუ იგი დატოვებს ამ თანამდებობას, "არ შეიძლება აგოს პასუხი მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილ ქმედებებზე."
გარანტიები მისი ოჯახის წევრებმაც მიიღეს. პრეზიდენტი, რომელიც წყვეტს სამსახურს ან გადადგება, ხდება ბელორუსის სახალხო კრების დელეგატი. "ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ" კანონში ცვლილებები 22 დეკემბერს, ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
2024 წელს 30 წელი გავა მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკა ბელორუსის ხელისუფლებაშია. ის პირველად ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994 წლის არჩევნებზე გახდა.
2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყო, რომელიც სასტიკად ჩაახშეს. ათასობით ბელორუსი ციხეშია, ათიათასობით მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. 2022 წელს ლუკაშენკამ რუსეთის ჯარებს უფლება მისცა ბელორუსის ტერიტორია უკრაინაში შეჭრისა და მასზე სარაკეტო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.
2024 წლის 25 თებერვალს ბელორუსში საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნები გაიმართება, ხოლო 2025 წელს - საპრეზიდენტო არჩევნები.