მაკკონელი რესპუბლიკურ პარტიაში ორბანის "პიროვნების კულტს" აკრიტიკებს
აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ის რესპუბლიკელები გააკრიტიკა, რომლებიც მხარს უჭერენ უნგრეთის ლიდერს.
ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაკკონელმა აღნიშნა, რომ მან ადრე უკვე ისაუბრა უნგრეთის ათწლიან მოძრაობაზე დასავლეთის ყველაზე დიდი ოპონენტების ორბიტაზე.
"ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია. და ვერავინ - და რა თქმა უნდა, ვერც ამერიკელი კონსერვატორები, რომლებიც სულ უფრო მეტად აყალიბებენ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გარშემო პიროვნების კულტს - ვერ ითვალთმაქცებენ, რომ ამას ვერ ხედავენ." - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მაკკონელმა დონალდ ტრამპი არ დაასახელა, ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ბევრმა რესპუბლიკელმა მოკავშირემ შეაქო უნგრეთის ავტორიტარი ლიდერი, განსაკუთრებით მისი პოზიციის გამო იმიგრაციის წინააღმდეგ.
ყოფილი პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა უნგრეთის ლიდერს, ბოლოს ამ ზაფხულს მარ-ა-ლაგოში.
ამ თვის დასაწყისში ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის გამართული დებატების დროს ტრამპმა შეაქო ორბანი, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი კაცი" და "ძლიერი ადამიანი."
ოთხშაბათს, მაკკონელმა უნგრეთი ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.
მან აღნიშნა, რომ ორბანი "არა მხოლოდ აღფრთოვანებულია" რუსეთის ლიდერით, ვლადიმერ პუტინით, არამედ ეხმარება მას.
მან ასევე გააკრიტიკა უნგრეთის ურთიერთობა ირანთან: "მე არ მაქვს სიმპათია უნგრული კომპანიების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სარგებელი მიიღონ თეირანის გენოციდურ რეჟიმთან კავშირიდან. რა თქმა უნდა, ამან არ შეუშალა ხელი უნგრულ კომპანიებს ირანთან ერთობლივი ბირთვული პროექტების დასაფინანსებლად ათობით მილიონი დოლარის დახარჯვაში."
სენატის უმცირესეობის ლიდერის თქმით, ორბანი "ფსონს დებს" ამერიკის წარუმატებლობასა და სისუსტეზე.