მაკრონი ევროპის "ავტორიტარიზმისადმი ენთუზიაზმს" აკრიტიკებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გმობს ევროპის "ავტორიტარიზმისადმი ენთუზიაზმს" და მოუწოდებს ადამიანებს 6-9 ივნისის, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ამის შესახებ Agence France-Presse (AFP) იუწყება.
თავის გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპას "არასოდეს ჰყოლია ამდენი მტერი, როგორც შიგნით, ისე გარეთ."
"ვფიქრობ, ჩვენს დემოკრატიაში რაღაც კრიზისი გვაქვს. დემოკრატიის სიძლიერე მდგომარეობს მუდმივ დებატებში ყველა საკითხზე, რათა შევეცადოთ მივაღწიოთ საუკეთესო გადაწყვეტას, რომელსაც ხალხი აირჩევს," - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დღეს "ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში ჩნდება ავტორიტარიზმით თავისებური გატაცება" და ასევე გავრცელებულია რწმენა, რომ "პრინციპში, ეს ევროპა უფრო მარტივი იქნებოდა, ჩვენ რომ ნაციონალისტები ვიყოთ."
"ჩვენ ნებას ვაძლევთ ნაციონალისტებს და ხშირად დემოკრატიის მტრებს, წაართვან დემოკრატიას ყველა დივიდენდი და გააკრიტიკონ ის ეგზისტენციალურად," - დასძინა მან. "ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევნებზე მივცეთ ხმა იმ პარტიას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ეს არის ის პარტია, რომელიც იცავს ევროპას."
"ეს არის ევროპა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დავიცვათ დემოკრატია, ჩვენს კონტინენტზე ჰეგემონიის არარსებობა და ამ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხის გაცემის შესაძლებლობა," - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მაკრონი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით კვირას ჩავიდა. ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია გერმანიაში ბოლო 24 წლის განმავლობაში.
მაკრონის ვიზიტი განიხილება, როგორც საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობების გამოცდა, ვინაიდან მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია.
ლიდერებს შორის განსხვავებები მთელ რიგ სფეროებს მოიცავს. მაგალითად, მაკრონი მხარს უჭერს თავდაცვის საკითხებში უფრო დიდი ევროპული თვითკმარობის იდეას და შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპელებს არ აქვთ აშშ-ის მხარდაჭერის რეალური ალტერნატივა.