მაროკოში მიწისძვრის შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მაროკოში მასშტაბური მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 1300 ადამიანი დაიღუპა. ეს ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მიწისძვრაა.

ამ ინფორმაციას CNN სახელმწიფო ტელევიზიასა და მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, სულ მცირე 1 305 ადამიანი დაიღუპა და 1 220 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სამაშველო სამსახურები მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში მუშაობენ. მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ ბრძანება გასცა შეიქმნას კომისია დაზარალებულთათვის დახმარების გასანაწილებლად.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა მთიანი რაიონების მცხოვრებლები არიან, რომლებიც ძნელად მისადგომია და სამაშველო ჯგუფებს ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში გზების დაზიანების შემდეგ მისვლა გაუჭირდათ.

მაროკოს სამეფო შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ყურადღება მიაქციონ შემდგომ ბიძგებს.

ამერიკის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ პარასკევს ღამით მიწისძვრა უჩვეულოდ ძლიერი იყო მაროკოს ამ ნაწილისთვის.

"ამ მაგნიტუდის მიწისძვრები ამ რეგიონში იშვიათია, მაგრამ არა მოულოდნელი. 1900 წლიდან არ ყოფილა M6 (6 მაგნიტუდა) ან მეტი სიმძლავრის მიწისძვრა და ამ მიწისძვრიდან 500 კმ-ის რადიუსში მხოლოდ 9 M5 მიწისძვრა (5 მაგნიტუდა) დაფიქსირდა," - აღნიშნავს აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.

მაროკომ მიწისძვრის შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ყველა სამთავრობო შენობაზე დროშები დაუშვეს.

მსგავსი სიახლეები