"მძიმე დანაკარგები" - როგორ ვითარდება რუსეთის არმიის შტურმი ავდიივკაზე

10 ოქტომბერს რუსეთის არმიამ ქალაქ დონეცკის შემოგარენში მდებარე პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლების, ავდიივკას შტურმი დაიწყო. 

რუსული, უკრაინული და დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით, შეტევისთვის რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი მოიერიშე მუშტი შეკრა - მაღალი ალბათობით ოკუპანტების მიზანი ჯავშანკოლონის სწრაფი დარტყმით ავდიივკის ოპერატიულ ალყაში მოქცევა იყო. შტურმის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ, რუსეთის არმიის წინსვლა ფრონტის ამ მონაკვეთზე მოკრძალებულია რასაც ვერ ვიტყვით დანაკარგების მასშტაბზე. 

რა ვიცით 

შეტევის დაწყების პირველივე წუთებიდან რუსი Z-ბლოგერები რუსეთის არმიის სწრაფ წინსვლაზე იუწყებოდნენ. ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ რუსეთის არმია ფრონტის გარღვევას ფლანგებიდან კერძოდ სოფელ სტეპოვოესა და სევერნოედან შეეცადნენ, რომლებიც ავდიივკისგან 6-8 კილომეტრით არის დაშორებული. 

ამ მონაკვეთზე რუსეთის წინსვლას ადასტურებს ანალიტიკური უკრაინული პროექტი Deep State-იც - მათი ცნობით, ე.წ. ნაცრისფერი ზონა ავდიივკის ირგვლივ დაახლოებით 2 კილომეტრით გაიზარდა. "რუსებმა შეძლეს უკრაინის არმიის ზოგი პოზიციის დაკავება, თუმცა განცდილი დანაკარგების გათვალისწინებით იერიშის შედეგები მათთვის ტრაგიკულია",- ნათქვამია პორტალის მიერ გავრცელებულ ანალიტიკურ ჩანაწერში. 

OSINT პროექტ Geoconfirmed-ის ცნობით, ავდიივკასთან განცდილი დანაკარგები შესაძლოა რუსეთის უმსხვილესი ერთჯერადი დანაკარგი იყოს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით დანაკარგების მასშტაბი განპირობებული იყო შეტევაში ჩართული ჯავშანტექნიკის უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაციით. იერიში მხარდაჭერილი იყო მჭიდრო საარტილერიო ცეცხლით, საბრძოლო ავიაციითა და მოიერიშე დრონებით. 

თავდაპირველი წინსვლის მიუხედავად, რუსეთის არმიის წინსვლა სოფელ სტეპოვოეს შემოგარენში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილ დანაღმულ ველებთან შეჩერდა, მალევე ბრძოლის ველზე გამოჩნდნენ უკრაინის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები და მოიმატა საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობამ. 

პროექტ ORYX-ის შეფასებით, ფრონტის მთელ მონაკვეთზე 10 ოქტომბერს რუსეთმა სულ 61 ერთეული ტექნიკა დაკარგა, მათ შორის 16 ტანკი, 15 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა და საარტილერიო დანადგარები. 

osint ანალიტიკოსი და უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი, ფსევდონიმით Tatarigami-ს ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთმა გასულ 2 დღეში "ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, 36 სატრანპორტო საშუალება დაკარგა." რიცხვი მოიცავს დაზიანებულ, მიტოვებულ და განადგურებულ მანქანებს. 

"ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, მიაღწევენ თუ არა მნიშვნელოვან წინსვლას მომდევნო დღეებში, თუმცა უკვე ნათელია, რომ მათ შეტევა ძალიან ძვირი დაუჯდათ",- წერს Tatarigami.

პოლონელი სამხედრო ექსპერტისა და Rochan Consulting-ის დამფუძნებლის კონრად მუზიკას თქმით, ფრონტის მთელ მონაკვეთზე რუსეთის მიერ წარმოებული შეტევების რიცხვმა მიმდინარე წლის მარტის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. 

ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის არმიის შეტევები მოწმობს, რომ მათ აქვთ საკმარისი რეზერვები და არ განიცდიან ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს. 

რით არის მნიშვნელოვანი ავდიივკა

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას გულისხმობს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

ფრონტის ამ მონაკვეთიდან გავრცელებული შეტყობინებების მიხედვით, პირდაპირ შტურმზე საუბარი არც არის - რუსეთი ცდილობს ფლანგებიდან გარღვევას და ოპერატიული ალყის უზრუნველყოფას, შესაბამისად მომარგების მარშრუტებზე კონტროლის დამყარებას. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით ავდიივკის მიმართულებით დაწყებული შტურმი მეტნაკლებად ეწერება ომის ამჟამინდელ სურათში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოზიციური ხასიათი - არცერთ მხარეს არ აქვს საკმარისი უპირატესობა ფრონტის სწრაფად გარღვევისთვის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები