მელონი ორბანის ვიზიტებზე: მას არ აქვს ასეთი მოლაპარაკებების მანდატი
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ სკეპტიციზმი გამოთქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის "სამშვიდობო მისიაზე" მოსკოვში, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინა დაბომბა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ნატოს სამიტისას განუცხადა.
მელონიმ გაიხსენა, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს "ამ ინიციატივებისთვის და მოლაპარაკებებისთვის მანდატი არ ჰქონდა."
"ეს რომ იყოს ინიციატივები, რომლებსაც შეეძლოთ მშვიდობისა და დიპლომატიის გარკვეული ნაპერწკლის მოტანა, მე ამაში ცუდს ვერაფერს დავინახავდი, მივესალმები მათ," - აღნიშნა მან.
"პრობლემა ის არის, რომ როცა ამ სიგნალს აგზავნი და მეორე დღეს საავადმყოფო იბომბება, მეჩვენება, რომ ეს, სამწუხაროდ, რუსეთისგან დიალოგისთვის მზადყოფნის ნაკლებობაზე მიუთითებს." - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს დიალოგს, თუ დაინახავს მის ღიაობას, "მაგრამ ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ ნათელი იყო."
ევროკავშირის იურიდიულმა სამსახურმა დაადგინა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებს. მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უნგრეთის დასჯის სხვადასხვა ვარიანტს რუსეთში არაკოორდინირებული ვიზიტის გამო.